ეტლი დამხმარე საშუალებაა და განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც არ შეუძლია ან უჭირს სიარული.
იგი მათ გადაადგილებასა თუ მყარად და დაცულად ჯდომაში ეხმარება, ანიჭებს თავისუფლებას, შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და იცხოვრონ საკუთარი შეხედულებისამებრ.
ადამიანებს ეტლები ესაჭიროებათ, როცა:
- ვერ ახერხებენ გადაადგილებას, უჭირთ სიარული ტრავმის, ავადმყოფობისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
- ზურგის ტვინის დაზიანების, ინფარქტით ან ნევროლოგიური მიზეზების გამო აქვთ პარალიზი.
- ამპუტირებული აქვთ ერთი ან ორივე ქვედა კიდური.
- აქვთ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, ცერებრული დამბლა თუ ართრიტი.
- ასაკის გამო აქვთ სისუსტე, სახსრების მწვავე ტკივილი ან უჭირთ წონასწორობის დაცვა.
- დროებით ესაჭიროებათ მძიმე ოპერაციის, მოტეხილობების ან მძიმე დაავადებების შემდეგ.
- კარდიო-რესპირატორული მდგომარეობების, მაგ. სუნთქვის გართულების ან სისუსტის გამო ხანგრძლივად სიარული შეუძლებელია.
რა სახის ეტლების მიღება შეიძლება საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებით?
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით შესაძლებელია შემდეგი ტიპის ეტლების და მომსახურების მიღება:
- მექანიკური ეტლი გაიცემა ნებისმიერ პირზე, ვისაც უდასტურდება ეტლის საჭიროება და შესაბამისი დიაგნოზი, ექიმის მიერ გაცეული ფორმა № IV-100/ა-ს საფუძველზე.
- მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ეტლის ადგილზე ტრანსპორტირებასა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით ეტლის დასაჯდომი ზედაპირის სიგანის, საზურგის სიმაღლის, და ფეხის დასადების მორგებას.
- ეტლთან ერთად გაიცემა კომფორტის ტიპისა და ზეწოლის შემამსუბუქებელი სპეციალური ბალიში. საჭიროების შემთხვევაში, მექანიკურ ეტლთან ერთად პირს მიეწოდება ხელმოსაჭიდი ძელები.
- გარდა ამისა, ყველა პირი იღებს ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და კონსულტაციას, ასევე ტექნიკურ მომსახურებას.
საგარანტიო მომსახურება შეადგენს 36 თვეს.
მაღალი და საშუალო მორგების პედიატრიული ეტლი გაიცემა შესაბამისი დიაგნოზის მქონე შშმ ბავშვზე. მის მისაღებად საჭიროა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი ასლის ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერის წარდგენა.
მომსახურების ფარგლებში ხდება:
– შესაბამისი ტიპის, მოდელისა და ზომის ეტლის შერჩევა;
– პოზის დამჭერი საშუალებების განსაზღვრა, შერჩევა და ფორმირება/დამზადება, ეტლზე მონტაჟი, მორგება;
– შესაბამისი ფორმის ბალიშის განსაზღვრა, ფორმირება, მორგება;
– ეტლის მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში – სახლთან ახლოს.
ეტლის მორგება ხდება პირისპირ შეხვედრისას. ამავე დროს ხდება ეტლის მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი ეტლის მოხმარებისა და მოვლის საკითხებში.
მოსარგებლეებს, რომლებიც 18 წლამდე სარგებლობდნენ მაღალი და საშუალო მორგების ეტლებით, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ეტლებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც მიიღებენ.
პედიატრიული ეტლის გაცემა შესაძლებელია ზრდასრულ პირზე იმ შემთხვევაში, თუ პირს ეტლის მისაღებად განსაზღვრულ მდგომარეობასთან ერთად აღენიშნება სხეულის ასაკისთვის შეუსაბამო წონა და წონის დეფიციტი შეადგენს არანაკლებ 35-40%-ს.
საგარანტიო მომსახურება შეადგენს 24 თვეს.
ელექტრო ეტლი გაიცემა შესაბამისი დიაგნოზის მქონე შშმ პირებზე, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის და მისი ასლის ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერის საფუძველზე.
გარდა ამისა, ელექტრო ეტლის მიღება შეუძლიათ ხანდაზმულ პირებს, რისთვისაც საჭიროა ფორმა № IV-100/ა-ს წარდგენა.
ელექტრო-ეტლის გაცემა ხდება შემდეგი ნოზოლოგიებისა და მდგომარეობების დროს:
– ქრონიკული დაავადებები, რომელთა არსებობისას გამოხატულია სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა (პლეგია; პარეზი; ტაკვი; მკვეთრი კონტრაქტურა; ართრიტი; ართროზი და სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ კიდურების ფუნქციურ შეზღუდვებს) და ერთი ზედა კიდურის ფუნქციური მდგომარეობა. ამ კიდურის მაქსიმალური ფუნქციიდან მტევნის მინიმალური ფუნქციის შენარჩუნებით;
– ჰემიპლეგია;
– მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი;
– VIII ფაქტორის დეფიციტი (ფუნქციურ ნაკლოვანებასთან ერთად) – ჰემოფილია D 66 (მძიმე ფორმა).
მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ეტლის ადგილზე ტრანსპორტირებასა და ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებას: მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟებას (მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს მოსარგებლის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით). მისივე პასუხისმგებლობაში შედის ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარება და მოსარგებლისთვის ელექტრო-ეტლის სახელმძღვანელოს გადაცემა.
ელექტრო ეტლის აკუმულატორის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს. საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული მოსარგებლის მიზეზით), თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, შესაძლებელია მისი უფასო შეცვლა.
სად შეიძლება ინფორმაციის მიღება ეტლების და სახელმწიფო პროგრამის დეტალების შესახებ?
დამატებითი ინფორმაცია ეტლებთან, მასთან დაკავშირებულ მომსახურებასა და დაფინანსებაზე შეგიძლიათ მიიღოთ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ნომრებზე: 032 2348379; 591 600688.


