ადამიანი და მასზე ზრუნვა კვლავ რჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება და საბედნიეროდ, ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით, ეს შესაძლებლობები ნამდვილად არის, მათ მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით ვიყენებთ.
ამიტომ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მათ შორისაა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკაში ხელმისაწვდომი გახდება ახალი სერვისები. ძალიან ბევრი სიახლე ელოდება არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ სამედიცინო დაწესებულების ყველა ბენეფიციარს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთელი წლის განმავლობაში, ბევრი ახალი მომსახურება დაინერგა. თუმცა, არის გარკვეული სერვისები, რომლებსაც პაციენტები, დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქებში იღებენ.
„საბედნიეროდ, მალე, ყველაფერი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, მარტივად მიიღონ საჭირო სერვისები. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ კლინიკაში უკვე ამოქმედდა არითმოლოგიის მიმართულება – კონსულტაციით დაწყებული, მანიპულაციებით დასრულებული. და ასე გაგრძელდება მომდევნო წელსაც – ეს იქნება მუდმივად მზარდი დაწესებულება, სადაც ყველა საჭირო, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კერების შექმნაზეც ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო სერვისების ფინანსურ მხარდაჭერაზე.
„ამასთან, მედიცინა მუდმივად ვითარდება, ინერგება სიახლეები როგორც მედიკამენტების, ისე მეთოდოლოგიის თვალსაზრისით. ჩნდება ახალი სამკურნალო საშუალებები, ან ვითარდება სერვისები, მაგალითად, ონკოლოგიის მკურნალობის მიმართულებით, რომლებიც აუცილებლად დასანერგია ქვეყანაში და ბუნებრივია, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

