სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს“ - შეიძლება თუ...

„არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს“ – შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს –

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.

ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს – რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში “დღის პოსტი” იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:

– ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.

ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.

  კიბოს პრევენციული ვაქცინები – რევოლუცია ონკოლოგიაში?

ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.

ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.

ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.

იხილეთ გადაცემა ვრცლად:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights