კვირა, ნოემბერი 2, 2025
მთავარიშენი ექიმიროგორ უნდა ვკვებოთ ბავშვები ფილტვების ანთების დროს, როგორ შეიძლება, რომ კვებით გავუძლიეროთ...

როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვები ფილტვების ანთების დროს, როგორ შეიძლება, რომ კვებით გავუძლიეროთ იმუნიტეტი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვების ავადმყოფობისას

როგორ უნდა ვკვებოთ ბავშვები ფილტვების ანთების დროს, როგორ შეიძლება, რომ კვებით გავუძლიეროთ იმუნიტეტი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვების ავადმყოფობისას, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია, პედიატრ ივანე ჩხაიძესთან ერთად საუბრობს გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია” 

ბავშვის ჯანმრთელობა და სწორი კვება: როგორ დავეხმაროთ იმუნურ სისტემას ბუნებრივად?

ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორ და დაბალანსებულ კვებას ეკუთვნის. დაავადებების პრევენცია და მათი მართვა მხოლოდ მედიკამენტებით კი არა, ყოველდღიური რაციონის საშუალებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი.

ხშირად მშობლები კითხულობენ: “რა ვიტამინი მივცეთ ბავშვს, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?”თუმცა, სინამდვილეში მთავარი კითხვა ასე უნდა ჟღერდეს:“რა მივაღებინოთ ბავშვს, რომ ბუნებრივად გააძლიეროს საკუთარი ორგანიზმი?”

👉 კვება არ არის მხოლოდ კალორიების მიღება — ეს არის იმუნური დაცვის ბუნებრივი საფუძველი.

🥗 სეზონური და ადგილობრივი პროდუქტების ძალა
ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საკვების მიღება, რომელიც მათ გარემოსა და გარემო პირობებთან ჰარმონიაშია. სეზონური ხილი, ბოსტნეული და რეგიონში მოყვანილი პროდუქტები ორგანიზმისთვის გაცილებით ადვილად ასათვისებელია, რადგან ბავშვს მათთან მიმართებით სპეციფიკური ფერმენტული მზაობა უკვე აქვს განვითარებული.

🍎 ფერადი და მრავალფეროვანი რაციონი
ფერადი საკვები ხშირად სხვადასხვა ვიტამინების და ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა. რაც უფრო ფერადია ბავშვის თეფში, მით უფრო მაღალია საკვები ნივთიერებების რაოდენობა, რაც ზრდასა და იმუნიტეტის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

🍗 ცილოვანი საკვები — აუცილებელი კომპონენტი ავადობისას და მის შემდეგ
ნებისმიერ დაავადებას თან სდევს ცილების გაძლიერებული დანაკარგი. ბავშვის ორგანიზმში ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ რეკომენდებულია ცილებით მდიდარი საკვების მიღება. მაგალითად, მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი და მცენარეული ცილები. ეს აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ეხმარება ორგანიზმს, სწრაფად აღიდგინოს რესურსები.

🍲 ბულიონი ავადმყოფობის დროს — სასარგებლოა თუ არა?
ბევრი მშობლისთვის ეს კითხვაა აქტუალური. სითბოს, სითხისა და ცილის კომბინაცია ბულიონში ბავშვების გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს. განსაკუთრებით თუ ის მომზადებულია ხარისხიანი ინგრედიენტებით და არა გამდიდრებული არომატიზატორებით

  საშიში აღმოჩენა სოსისებში - ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რატომ არის აუცილებელი მომხმარებლის სიფრთხილე და სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება

🔍 რჩევები მშობლებისთვის:

  • აირჩიეთ სეზონის შესაბამისი და ნაკლებად გადამუშავებული პროდუქტები

  • ჩართეთ რაციონში ცილოვანი საკვები ყოველდღიურად

  • აიარიდეთ უადგილო ბადე დანამატები და ვიტამინები – ბუნებრივი საკვები უფრო ეფექტურია

  • არ დაივიწყოთ წყლის საკმარისი მიღება

  • კვება უნდა იყოს არა დროებითი დიეტა, არამედ ცხოვრების წესი

„კვებითა და ბავშვის ორგანიზმის შემზადებით შეიძლება მას ძალიან ბევრი პრობლემა ავარიდოთ თავიდან. კვება შეიძლება გამოვიყენოთ თავად დაავადების პროცესშიც ეფექტური მართვისთვის. ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვები “რა დავალევინოთ ბავშვს, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ?” ჩვენ გეტყოდით საპირისპიროს, კი არ დაალევინოთ, არამედ აჭამეთ. ყველაზე აქტუალურია, რომ კვება დავაჯგუფოთ სეზონური პროდუქტებით და იმ მიწაზე მოყვანილი პროდუქტებით, რომელიც ენდემურია და მის მიმართ ბავშვს კონკრეტული ფერმენტული მზაობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი წელიწადის ნებისმიერ დროს დაბალანსებულად უნდა იკვებებოდეს. რაც უფრო ფერადია მისი საკვები, მით უკეთესია. როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვებს მივცეთ ცილოვანი კომპონენტი, ვგულისხმობთ იმას, რომ ნებისმიერი ავადობის დროს ბევრ ცილას ვკარგავთ. პატარების ორგანიზმში ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად ხდება, თუმცა აღდგენაც სწრაფად ხდება. ამიტომ, უმჯობესია თუ ჩვენ სწორი პროდუქტებით მივეხმარებით. მაგალითად, მშობელთა ნაწილი გვეკითხება, რამდენად გამართლებულია ბულიონის მიღება ავადმყოფობის დროს.

ვერ დავეთანხმები, რომ წითელი ხორცის ბულიონი გამართლებულია. იმიტომ, რომ რთულად გადასამუშავებელია პატარა ბავშვის ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ავადობის პერიოდში, თუ მას უკვე სიცხე აქვს. წითელი ხორცის ნახარში 2/3 ექსტრაქტული ნივთიერებება ანუ ის ნივთიერებები, რომლებიც ხარშვის პროცესში გამოიყოფა.

ახალგაზრდა ფრინველის ხორცის შემთხვევაში, ვიღებთ რამდენიმე კარგ შედეგს. პირველი ის, რომ ბავშვი თხევადი სახით მიირთმევს პროდუქტს, მეორე ის, რომ ადვილად შეთვისებადია ცილა და როდესაც კარგადაა მოხარშული, დაქუცმაცებული სახით, ბავშვს ძალიან წაადგება. ასევე, აღმოჩნდა, რომ ფრინველის ხორცში, განსაკუთრებით ინდაურის ხორცში, ბევრი ტიპტოფანია. ეს ამინომჟავა დაშლის დროს გვაძლევს სეროტონინს და სეროტონინი ორგანიზმის გუნება-განწყობის გაუმჯობესებისათვისაა მნიშვნელოვანი და ეს რეკომენდაცია ძალაში უნდა დავტოვოთ. მეორე გახლავთ ფლორის მოწესრიგება. ბოლო კვლევების თანახმად, მიკრობიომი ანუ ჩვენი ორგანიზმის შიგნით ბაქტერიების, სოკოების არსებობა ერთი მხრივ, გვეხმარება სხვადასხვა ნივთიერების გამომუშავებაში, ისინი მზა სახით გვაწვდიან ვიტამინებს, მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება. როდესაც ორგანიზმის ფლორაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არ არის ჩვენი მეგობარი. ის შემოიჭრა და ებრძვის ჩვენსავე ორგანიზმს. ბავშვს სჭირდება საკუთარი ფლორის გაძლიერება და ვიდრე წამლებით დაიწყებთ, მიაქციეთ ყურადღება მისი ნაწლავისა და კანის ფლორის მოწესრიგებას. ამისათვის საჭიროა, რომ ბავშვის კანი, თუნდაც ავადმყოფის, ჩამოვბანოთ, გავასუფთავოთ იმიტომ, რომ ხშირად არის ხოლმე, თუ ბავშვი ავადმყოფობს, აღარ ბანენ. რაც პედიატრების მიერ არ არის წახალისებული. მნიშვნელოვანია ნაწლავური ფლორის მოწესრიგება, განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკოთერაპია იყო გამოყენებული. ცოცხალი ბაქტერიების აღდგენა, უმნიშვნელოვანესია. ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვებს პრობლემების გადალახვაში ძალიან ეხმარება D ვიტამინის სათანადო ბალანსი. შეიძლება დიდხანს ვერ ვტოვებთ მათ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ, უნდა მოხდეს საკვებით შევსება. მაგალითად, თუ თევზი არ უყვარს პატარას, ასეთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, ერთი, რომ არსებობს თევზის პროდუქტები, რომლის მიცემა მზა სახით შეიძლება და მეორე, გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი შეიცავს D ვიტამინს. მაგალითად, ღვიძლი, კვერცხის გული, რძის ნაწარმი. ცხადია, უფრო ნაკლები რაოდენობით, ვიდრე თევზი, მაგრამ შეიცავს. ასევე, ზოგიერთი სახეობის სოკოს, რომელიც არა დახურულ, არამედ ღია სივრცეში იზრდება, შეუძლია D ვიტამინის წარმოქმნა სწორედ იმის გამო, რომ მას ნაწილობრივ ცხოველური ბუნება აქვს. მაგრამ, ბავშვის ნაწლავის მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე, პედიატრთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოთ, შეიძლება თუ არა მის რაციონში ჩავრთოთ კონკრეტული პროდუქტები.

  რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ძუძუს თვითგასინჯვა?

ბავშვებს ავადმყოფობის დროს აქვთ ხოლმე სურვილები და მშობლების ანებივრებენ ტკბილეულით, ფუნთუშეულით. თუ არ ჭამენ, აძლევენ პურის ნატეხს თავშესაქცევად – ეს საკმაოდ გავრცელებული საკითხია. ან თუ არასრულად იკვება ბავშვი, კვებასა და კვებას შორის აძლევენ პურს. მნიშვნელოვანია, ამ დროს მშობელს განემარტოს, რომ მწვანე ზონიდან ღირს პროდუქტების არჩევა და აქცენტი არ უნდა გააკეთოს ყვითელ, ანუ ჩამოთვლი პროდუქტების ზონაზე.“

ივანე ჩხაიძე, პედიატრი:

„ქათმის ბულიონი, მაწონი და D ვიტამინის შემცველი პროდუქტები ნამდვილად აუცილებელია ფილტვების ანთების დროს. ამ პროდუქტებს დავამატებდი ნიორსა და თაფლს. თაფლს და ნიორსაც გააჩნია ძალიან დიდი როლი რესპირაციული ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ციტრუსები და C ვიტამინი გახლავთ იდეალური შესაძლებლობა დავეხმაროთ ორგანიზმს, გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციას.“

ბავშვის იმუნიტეტი არ გაძლიერდება ერთ დღეში, მაგრამ სწორი კვებით მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. კვება არ არის დანამატი — ეს არის პირველი ხაზი თავდაცვაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights