უეცარი გონების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია.
მას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – ზოგჯერ მარტივი და სწრაფად გასავლელი, მაგრამ ხშირად სიცოცხლისთვის კრიტიკული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მკაფიო ცოდნა: რა შეიძლება იდგეს ამ მოვლენების უკან და როგორ დავეხმაროთ ადამიანს სწორად.
გონების დაკარგვისა და უეცარი სიკვდილის ძირითადი მიზეზები:
გულის გაჩერება (Cardiac Arrest) – გულის ელექტრული აქტივობის მოშლის გამო სისხლის ცირკულაცია სრულად ჩერდება.
ეპილეფსიური კრუნჩხვები – ტვინის ნერვული უჯრედების ჰიპერაქტივობა, რომელიც იწვევს გენერალიზებულ კრუნჩხვებსა და დროებით გონების კარგვას.
ჰიპოგლიკემია – გლუკოზის მკვეთრი დაცემა სისხლში, განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ჰიპოტენზიური/ვაზოვაგური სინკოპე – წნევის ვარდნის ან ვაგუსის ნერვის გადაჭარბებული აქტივაციის შედეგად ტვინის დროებითი ჰიპოპერფუზია.
ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული) – ტვინში სისხლის მიწოდების უეცარი შეწყვეტა ან სისხლჩაქცევა.
ფილტვის თრომბოემბოლია – სისხლის შედედილი ნაწილაკის მოხვედრა ფილტვის არტერიაში, რაც იწვევს მწვავე სუნთქვით და ჰემოდინამიკურ უკმარისობას.
არითმიები და სხვა გულის დაავადებები – მწვავე ტაქიარითმიები ან ბრადიარითმიები, გულის სტრუქტურული პათოლოგიები.
სხვა იშვიათი მიზეზები: მეტაბოლური დარღვევები, მძიმე ინფექციები (სეფსისი, მენინგიტი), ტვინის სიმსივნეები, ინტოქსიკაციები, ტრავმები.
გულის გაჩერება (Cardiac Arrest)
ნიშნები:
გონება დაკარგული.
სუნთქვა არ არის ან მხოლოდ აგონალური, ხიხინისმაგვარი მოძრაობები.
პულსი კისერზე (საძილე არტერიაზე) არ ისინჯება.
კანი ფერმკრთალი ან ციანოზური.
ზოგჯერ პირველ წამებში შეიძლება კრუნჩხვასავით შეკრთომა ჰქონდეს.
დახმარება:
დაუყოვნებლივ დაიწყე CPR (100–120 შეკუმშვა/წთ, 5–6 სმ სიღრმით).
გამოიყენე AED/დეფიბრილატორი პირველივე წუთებში, თუ კი ხელმისაწვდომი იქნება, სამწუხაროდ როგორც წესი არაა ხელმისაწვდომი სასწრაფოს მოსვლამდე.
სასწრაფოდ დარეკე 112.
უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ გულის უეცარი გაჩერებაა, ხშირ შემთხვევაში ვენტრიკულური ფიბრილაცია. პრობლემა ისაა, რომ:
თუ პირველი წუთის განმავლობაში არ იწყება გულმკერდის მასაჟი და დეფიბრილაცია, გადარჩენის შანსი მკვეთრად იკლებს.
ყოველ გასულ წუთში გადარჩენის შანსი მცირდება დაახლოებით 7–10%-ით.
3–5 წუთში ტვინი იწყებს შეუქცევადი დაზიანების პროცესს.
ამიტომ, თუ ადგილზე AED (დეფიბრილატორი) არ არის და მასაჟი დაუყოვნებლივ არ დაიწყო, შედეგი ფატალური ხდება.
გარკვეულ ადგილებში აუცილებელია AED-ის ხელმისაწვდომობა რომ გამოყენების საშუალება იყოს სასწრაფოს მისვლამდე, რადგან ერთადერთი რეალური გზა სიცოცხლის გადარჩენის არის დაუყოვნებლივი დეფიბრილაცია + უწყვეტი CPR.
ეპილეფსიური კრუნჩხვა
ნიშნები:
მკვეთრი დასაწყისი – სხეულის დაჭიმვა და რიტმული კრუნჩხვები.
ენის გვერდის ნაკბენი, ქაფი პირში, ციანოზი.
გრძელდება 1–3 წუთი.
შემდგომი პერიოდი („პოსტიქტალური ფაზა“) – ღრმა ძილი ან დაბნეულობა.
დახმარება:
მოაშორე მყარი საგნები, დაიცავი თავი და კისერი.
არ ჩაუდო არაფერი პირში, არ შეეცადო ძალით შეკავებას.
თუ კრუნჩხვა >5 წუთია ან მეორდება – სასწრაფო.
დასრულების შემდეგ გადააბრუნე გვერდზე და აკონტროლე სუნთქვა.
ჰიპოგლიკემია
ნიშნები:
ცივი ოფლი, კანკალი, სისუსტე, გაღიზიანება, ტაქიკარდია.
შესაძლოა ჰქონდეს ინსულინის პენ/პომპა ან გლუკომეტრი.
მძიმე შემთხვევაში – გონების დაკარგვა, მაგრამ სუნთქვა შენარჩუნებულია.
დახმარება:
თუ გონზეა და ყლაპავს მიეცი გლუკოზა/ტკბილი სითხე.
თუ უგონოა – არაფერი პირში; საჭიროებს IV გლუკოზას ან გლუკაგონს.
ჰიპოტენზიური/ვაზოვაგური სინკოპე
ნიშნები:
წინასწარი სიმპტომები: თავბრუსხვევა, გათეთრება, გულისრევა, ყურებში წუილი.
ხშირად ხდება ცხელ, ხალხმრავალ სივრცეში ან ხანგრძლივი დგომისას.
შეიძლება ჰქონდეს მოკლე კანკალი, მაგრამ სწრაფად აღდგება დაწოლის შემდეგ.
ხანგრძლივი დაბნეულობა არ ახასიათებს.
დახმარება:
დააწვინე, ფეხები ოდნავ ააწევინე.
მიეცი სუფთა ჰაერი, წყალი.
ინსულტი
ნიშნები (FAST):
Face: სახის ასიმეტრია.
Arm: ერთ მხარეს სისუსტე ან დაცემა.
Speech: მეტყველების დარღვევა.
Time: ყოველი წუთი ფასობს.
ხშირად გონება შენარჩუნებულია, მაგრამ რჩება ფოკალური დეფიციტი. ზოგჯერ იწყება კრუნჩხვით.
დახმარება:
დაუყოვნებლივ დარეკე 112 – ინსულტის მკურნალობა დამოკიდებულია დროზე.
ფილტვის თრომბოემბოლია
ნიშნები:
უეცარი ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია.
მკერდის ტკივილი, შფოთვა.
კანი ფერმკრთალი ან ციანოზური, ტუჩები ლურჯი.
რისკ-ფაქტორები: ქვედა კიდურის თრომბოზი, ოპერაცია, ხანგრძლივი უმოძრაობა.
დახმარება:
დასვი ნახევრადმჯდომარე პოზაში.
სასწრაფოდ 112.
თუ გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყდა – დაუყოვნებლივ CPR.
შედეგი საკმაოდ დამოკიდებულია თრომბის ზომაზე, მის მდებარეობასა და დროულ სამედიცინო დახმარებაზე.
თუ თრომბი ბლოკავს მთავარ ფილტვის არტერიას, ვითარება ფატალურია სწრაფად, განსაკუთრებით თუ შეიქმნება შოკი ან გულის უკმარისობა.
მთავარი დასამახსოვრებელი წესები
არ სუნთქავს / არ აქვს პულსი → გულის გაჩერება → დაუყოვნებლივი CPR + დეფიბრილაცია.
რიტმული კრუნჩხვები + პოსტიქტალური ფაზა → ეპილეფსია.
ცივი ოფლი + დიაბეტის ისტორია → ჰიპოგლიკემია.
წინასწარი თავბრუსხვევა + სწრაფი აღდგენა → სინკოპე.
ერთმხრივი სისუსტე/მეტყველების დარღვევა → ინსულტი.
უცაბედი ქოშინი + ლურჯი ტუჩები → ფილტვის თრომბი.
ანუ გონების დაკარგვა შეიძლება იყოს უმნიშვნელო, მაგრამ შესაძლოა ნიშნავდეს სიცოცხლისთვის კრიტიკულ მოვლენას. განსაკუთრებით გულის გაჩერების დროს პირველი წუთებია გადამწყვეტი – თუ გულმკერდის მასაჟი და დეფიბრილაცია არ დაიწყება მყისიერად, გადარჩენის შანსი ყოველ წუთში 10%-ით მცირდება.
ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება არის სწრაფი რეაგირება და სასწრაფოს გამოძახება.
რა არ უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციებში
არ შეანჯღრიოთ ძალით უგონო ადამიანი – ეს არ აღადგენს გონებას და შეიძლება ტრავმაც მიაყენოს.
არ ჩაუდოთ რაიმე პირში კრუნჩხვის დროს (სპატულა, კოვზი, თითები) – შეიძლება სერიოზული დაზიანება ან დახრჩობა გამოიწვიოს და თქვენც დაზიანდეთ.
უგონო ადამიანს არ მისცეთ წყალი ან საკვები – შეიძლება სასუნთქ გზებში ჩასვლით დაახრჩოს.
არ დახარჯოთ დრო პულსის დიდხანს ძებნაში – თუ ადამიანი არ სუნთქავს ან მხოლოდ ხიხინივით სუნთქავს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გულმკერდის კომპრესია.
არ ეცადოთ მარტო „მოაცილოთ“ კრუნჩხვა – მთავარი არის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სუნთქვის კონტროლი.
არ დააყოვნოთ სასწრაფოს გამოძახება იმ იმედით, რომ „გაივლის“. ყოველი წუთი გადამწყვეტია.“ – წერს თორნიკე ნონიაშვილი
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.