საქართველოში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ სავაჭრო ქსელში ბევრი გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი იყიდება და ასეთი სურსათი ადამიანისათვის მავნეა.
სურსათი, ძირითადად, იმ მცენარეებისა და ცხოველებისაგან მზადდება, რომელთა მოყვანასა და მოშენებას ადამიანი ათასწლეულების მანძილზე ახდენდა. დროთა განმავლობაში, ადამიანები სოფლის მეურნეობისთვის იმ მცენარეებსა და ცხოველებს ირჩევდნენ, რომლებიც ყველაზე სასურველ თვისებებს ავლენდნენ. ეს იყო, მაგალითად, მცენარეები, რომლებიც უკეთესად უძლებდნენ მავნებლებს, ან მოსავლიანობით გამოირჩეოდნენ. ეს „სასურველი თვისებები“ ბუნებრივად ვლინდებოდა ამ მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკურ შემადგენლობაში.
ბოლო ხანებში, თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ცოცხალი უჯრედებისა და ორგანიზმების გენეტიკური შემადგენლობის შეცვლა (მოდიფიცირება). გენეტიკური მასალის მოდიფიცირება ხელოვნურად ხდება, მისთვის ახალი, სასურველი თვისებების მისაცემად. ასეთ ორგანიზმებს „გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს“ (გმო) უწოდებენ.
სურსათსა და ცხოველის საკვებს, რომელიც გმო-ს შეიცავს, ან გმო-სგან იწარმოება, გენმოდიფიცირებული (გმ) სურსათი ან ცხოველის საკვები ეწოდება.
გმ სურსათი ადამიანის მოხმარებისათვის პირველად აშშ-ში 1994 წელს იქნა დაშვებული. 2014-2015 წლებისათვის აშშ-ში დათესილი სიმინდის, ბამბისა და სოიოს დაახლოებით 90% გმ იყო, ხოლო მთელ მსოფლიოში გმ კულტურები 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო გავრცელებული, ძირითადად, ამერიკის კონტინენტზე.
გმ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შეუძლიათ მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგიერთ შემთხვევაში, მავნებლების წინააღმდეგ უფრო მდგრადები არიან და ნაკლები აგროქიმიკატი სჭირდებათ. სხვა გმ კულტურები, პირიქით, სარეველების საწინააღმდეგო აგროქიმიკატებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, ვინაიდან ასეთ ქიმიკატებს თავად სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზიანებაც შეუძლია. გმ სურსათის კიდევ ერთი ნიმუში – ბრინჯის სპეციალური სახეობა „ოქროს ბრინჯი“ იმისათვის შეიქმნა, რომ ადამიანებში რკინის დეფიციტის დაძლევას შეუწყოს ხელი, რაც კაცობრიობის 30%-სათვის პრობლემას წარმოადგენს. გარდა ამისა, სხვადასხვა გმ მცენარე იქმნება ექსტრემალური ამინდისადმი გამძლეობის უზრუნველსაყოფად. კითხვის გაგრძელება…