როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხის დროს?
რეკომენდაციები ზაფხულში:
🔹ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს.
🔹ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
🔹დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა.
🔹თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე.
🔹ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
🔹დაბანეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად.
🔹წლის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ დამდგარ წყალსატევებსა და ტბებში შესვლას და ბანაობას, რათა თავიდან აიცილოთ რიგი დაავადებები (ტულარებია და სხვა).
🔹თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება.
🔹თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.
🔹განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ტკიპის ნაკბენის მიმართ: ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ტკიპის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად ტყეში და მინდორში ყოფნისას აუცილებლად ატარეთ დახურული ტანსაცმელი, იქ ყოფნისას ხშირად და სახლში დაბრუნებისას დაათვალიერეთ სხეული.
🔹თერმულად კარგად დაამუშავეთ ცხოველური საკვები პროდუქტები, რათა თავიდან აიცილოთ საკვების-მიერი ინფექციური დაავადებების გადაცემა (სალმონელოზი და სხვ.). არ დატოვოთ საკვები ღია სივრცეში შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს მისი დაბინძურება მწერების (ბუზების და სხვა) მიერ.
🔹არ დატოვოთ მალფუჭებადი საკვები (ტორტი, ნამცხვრები და სხვა რძის პროდუქტებზე დამზადებული, გატარებული ხორცის შემცველი პროდუქტები და სხვა) ღია და ცხელ გარემოში, 1 საათზე მეტი ხნით. დაიცავით საკვების შენახვის წესები (განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის), პროდუქტი შეინახეთ მაცივარში.
🔹ხელის ჰიგიენის სწორად დაცვა თავიდან აგვაცილებს ნაწლავურ და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც, წლის ცხელ პერიოდში, უფრო ხშირია.
🔹არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში, ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.
🔹თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.