ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ახლა ინერგება. მან, ასევე ისაუბრა DRG ანაზღაურების მოდელის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და ინოვაციური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის დანერგვის პოზიტიურ გავლენაზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ინიციატივების შედეგად გაუმჯობესდა ქრონიკული დაავადებების მართვა, გაუქმდა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტები და გაიზარდა მოქალაქეთა ფინანსური დაცულობა. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სარჯველაძემ, შეხვედრები გამართა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან, ასევე გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ასამბლეაში მონაწილეობს გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.
