ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში“ განიხილა.
ანგარიში კომიტეტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.
მისი ინფორმაციით, 2020-2024 წლების განმავლობაში: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა 73 507 სამუშაოს მაძიებელი; ინდივიდუალური კონსულტირება, ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე გაეწია 116 919 სამუშაოს მაძიებელს; 86 151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მუნიციპალურ დონეზე გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით; საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32 804 პირი; 39 707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე; მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 942-მა მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება; კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 15 577 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 163 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; საშუამავლო მომსახურება მიეწოდა 13 777 სამუშაოს მაძიებელს.
ჩატარდა 43 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000- მდე დამსაქმებელმა და 6 000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებლებმა; სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 111 დამსაქმებელი და 674 სამუშაოს მაძიებელი (სტაჟიორი); ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 31 სამუშაოს მაძიებელი; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებში ჩაერთო 12 642 სამუშაოს მაძიებელი; საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის 4 028 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება, რათა დაცული იყოს ემიგრანტთა და იმიგრანტთა უფლებები დასაქმების ადგილზე.
ასევე მოხდეს მიგრაციული ნაკადების სტატისტიკური აღრიცხვა, ანალიზი და წარმატებით მართვა.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარდგენილი ანგარიში.