აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

0
448
აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა
#post_seo_title

აიცილე თავიდან ინფარქტი და ინსულტი – აკონტროლე წნევა

ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის წნევის ციფრები იმატებს. ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის დაავადება და სხვა გართულებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1,5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება.

ქართული რეალობა უფრო მძიმეა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყოველი ათი გარდაცვლილიდან ხუთის სიკვდილი ჰიპერტენზიას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ ჰიპერტენზიით დაავადებულთა უმრავლესობა – ხუთიდან სამი – არ მკურნალობს.

რა უწყობს ხელს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას?

მაღალი წნევა, ჭარბი წონა, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონე, თამბაქო, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა.

140/90 და ამაზე მაღალი მაჩვენებელი მაღალ წნევად ანუ ჰიპერტენზიად ითვლება.

წნევის კონტროლი გულისხმობს მისი მაჩვენებლების 140/90-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას და სხვა რისკფაქტორების შემცირებას.

რა საჭიროა, ვიცოდეთ ჩვენი წნევის ციფრები?

ეს გვეხმარება, ადრეულად გამოვავლინოთ ჰიპერტენზია. მაღალი წნევის დასადგენად ერთადერთი გზა წნევის სწორი გაზომვაა. ეს მოითხოვს სათანადო წესების მკაცრად დაცვას და შემოწმებულ წნევის აპარატს.

თუ თქვენი წნევის ციფრები არ იცით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ მაღალი წნევა აღმოგაჩნდათ, ძალიან მნიშვნელოვანია, წნევა სახლშიც რეგულარულად იზომოთ. მეთვალყურეობისთვის ექიმი დაგიგეგმავთ მომდევნო ვიზიტს.

არტერიული წნევის მომატების თავიდან აცილებაც შესაძლებელია და მკურნალობაც.

როგორ ავიცილოთ თავიდან მაღალი წნევა?

– ნაკლებად მოიხმარეთ მარილი და მარილიანი საკვები.
– მირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ ტკბილეულს, ცომეულსა და ცხოველურ ცხიმს.
– ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას.
– იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად.
– თავი დაანებეთ თამბაქოს წევას, ერიდეთ მის კვამლს.

როგორ ვუმკურნალოთ მაღალ წნევას

• ბევრისთვის ცხოვრების წესის ცვლილება საკმარისია წნევის ნორმალური ციფრების მისაღწევად, უმეტესობას კი ამასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობაც სჭირდება. არსებობს ეფექტური და არცთუ ძვირი მედიკამენტები. თუ მათ ზუსტად ისეთი წესით მიიღებთ, როგორითაც ექიმმა დაგინიშნათ, წნევის გაკონტროლება და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია!
გახსოვდეთ, წნევის ნორმალური მაჩვენებლების დროსაც კი მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა არ შეიძლება – ეს ზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ალბათობას!

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დროა, თამბაქო  წარსულს ჩაბარდეს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ