შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადაეცემა ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს — მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისათვის და მისი როლის განსაზღვრისთვის პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში.
ნობელის წლევანდელი პრემია პატივს მიაგებს ორ მეცნიერს იმ ფუნდამენტური პრინციპის აღმოჩენისთვის, რომელიც მართავს გენების აქტივობის რეგულირებას.
ჩვენს ქრომოსომებში შენახული ინფორმაცია შეიძლება შევადაროთ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის ინსტრუქციის სახელმძღვანელოს. ყოველი უჯრედი ერთნაირ ქრომოსომას შეიცავს და შესაბამისად, ყველა უჯრედი შეიცავს გენების ზუსტად ერთნაირ კრებულს და ინსტრუქციათა ზუსტად ერთნაირ ნაკრებს. თუმცა, სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, მაგალითად, კუნთისა და ნერვულ უჯრედებს ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. როგორ ჩნდება ასეთი სხვაობები? პასუხი გენების რეგულირებაში იმალება, რაც თითოეულ უჯრედს მხოლოდ შესაფერისი ინსტრუქციის შერჩევის საშუალებას აძლევს. ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ გენების მხოლოდ სწორი კრებული იყოს აქტიური უჯრედთა თითოეულ ტიპში.