აღსანიშნავია, რომ იაშვილის საავადმყოფომ ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, დაწესებულება რეგიონის მასშტაბით პირველი პედიატრიული ცენტრია, რომელმაც პაციენტების უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია (AACI) მოიპოვა.
“იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, რომელიც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის დასავლურ სტანდარტთან შესაბამისობას და ითვალისწინებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და მოვლის ხარისხის მიმართულებით მუდმივ განვითარებას. რეაბილიტაციის პროექტი ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურული მოწყობის ამერიკულ გაიდლაინებს დაეფუძნა,”- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იაშვილის საავადმყოფოს დირექტორის თამარ ვახტანგაძის განცხადებით, აკრედიტაცია პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის არის გარანტია, მიიღონ სრულფასოვანი, საერთაშორისო დონის პედიატრიული სამედიცინო მომსახურება რეგიონში.
AACI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“(ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. AACI-ის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო ხდება.