7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. ეს დღე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 140 ქვეყანა ჯანმრთელობას ადამიანის კონსტიტუციურ უფლებად აღიარებს. ამავე დროს, არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანის ეს ფუნდამენტური უფლება კონსტიტუციურად გამყარებული არ არის და ჯანმრთელობისათვის საჭირო სერვისებზე მოსახლეობას წვდომა ამ დრომდე შეზღუდული აქვს. კონკრეტულად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 4,5 მილიარდი ადამიანი – მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი – არსებითი ჯანდაცვის სერვისებით 2021 წელს სრულად არ იყო დაფარული.
სწორედ ამ ტიპის გამოწვევების გადასაჭრელად, 2024 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემად და მთავარ სლოგანად „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება“ განისაზღვრა. აღნიშნულით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაქსიმალურად ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე, განათლებაზე, ინფორმაციაზე, უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე და სხვა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ქირურგიული მომსახურებები და სხვა;
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება, როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები დაფინანსდება 25 000-ლარიანი ლიმიტის გარეშე და პაციენტთათვის ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობის სრული კურსი;
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
საყოველთაოა ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ახორციელებს ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის, იშვიათი დაავადებების,დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო არაერთ პროგრამას;
სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ამოქმედებულია ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურებების ახალი სანებართვო პირობები. გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
მასალის გამოყენების პირობები