ტიანძინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებული ტვინი აქვს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
გამოცემა ამ გამოგონებას ბიოკომპიუტინგში გარღვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა „ჰიბრიდული ადამიანურ-რობოტიზებული ინტელექტის“ შექმნის საწინდარი გახდეს.
რობოტის შესაქმნელად მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილი გაზარდეს და ნეირონულ ინტერფეისთან შეაერთეს. მსგავსი ტექნოლოგია ილონ მასკმა პროექტ Neuralink-ში გამოიყენა.
ჩინურმა რობოტმა უკვე ისწავლა სიარული, დაბრკოლებებისთვის თავის არიდება და საგნების აღება. ამასთან, რობოტს არ აქვს „თვალები“ – ის მხოლოდ ელექტრონული სიგნალებისა და სენსორული შეგრძნებების დახმარებით რეაგირებს. სპეციალისტების თქმით, ამ რობოტს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია.