კვირა, დეკემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმიB ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო.

„მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ჯანდაცვაში – დაიწყო B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ქრონიკული B ჰეპატიტის მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება B ჰეპატიტით პაციენტების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის და მოვლის სერვისებში ჩართვის და შესაბამისად, დაავადების არასახარბიელო გამოსავლების თავიდან აცილების კუთხით.

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის:

  • მანამდე არადიაგნოსტირებული პირები, რომლებსაც ჩაუტარდებათ სკრინინგული კვლევა HBsAg-ზე;
  • დადასტურებული ქრონიკული B ჰეპატიტით (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პაციენტები – როგორც არანამკურნალები, ისე ანტივირუსულ მკურნალობაზე მყოფები.
  • უარყოფითი HbsAg-ის მქონე პირებს ჩაუტარდებათ კვლევა anti-HBc (total) ანტისხეულებზე და ამ კვლევის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეეთავაზებათ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ.

ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტებს (დადებითი HBsAg და/ან განსაზღვრადი HBV დნმ 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით) პროგრამის პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

  • ექიმის კონსულტაცია
  • ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანით ან ულტრაბგერაზე დამყარებული ელასტოგრაფიით) ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხის განსაზღვრისთვის
  • მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა.
  • პროგრამაში პციენტების ჩართვა მოხდება ეტაპობრივად.

პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხი <F2 და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევით არ გამოუვლინდებათ მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები, არ განიხილებიან პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში ანტივირუსული მკურნალობის პოტენციურ ბენეფიციარებად და მათთან შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები მოცემულ ეტაპზე აღარ გაგრძელდება. აღნიშნულ პაციენტებს პროგრამის ფარგლებში საკონტროლო გამოკვლევები (ღვიძლის ელასტოგრაფია და მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია) განმეორებით ჩაუტარდებათ 12 თვის შემდეგ.

პაციენტები, რომელთაც ღვიძლის ელასტოგრაფიით დაუდგინდებათ ღვიძლის დაზიანების (ფიბროზის) ხარისხი ≥F2 და/ან მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევით გამოუვლინდებათ მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები, განიხილებიან პროგრამის პირველი ფაზისთვის ანტივირუსული მკურნალობის პოტენციურ ბენეფიციარებად და მათთან გაგრძელდება შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური კვლევები, HBV დნმ-ის კონცენტრაციის განსაზღვრა და სხვ.) მკურნალობის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად (ანტივირუსული მკურნალობის ჩვენებების გათვალისწინებით).

პაციენტებს ანტივირუსული მკურნალობა ჩაუტარდებათ

ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდის ანალოგების: ტენოფოვირ დისოპროქსილ ფუმარატის (TDF) ან ენტეკავირის (ETV) გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტები ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება სექტემბერში. მანამდე კი, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაიტარონ ზემოთაღნიშნული დიაგნოსტიკური კვლევები და მოემზადონ მკურნალობისთვის.

პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი საქართველოს B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ძირითადი განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებაა.

საგულისხმოა, რომ ცენტრი C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და შემსრულებელია. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უკვე განიკურნა 86 ათასზე მეტი ქრონიკული C ჰეპატიტით პაციენტი. საქართველოში ჯერ არ ყოფილა არცერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინოს.

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში პროგრამას განახორციელებენ წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც არიან ჰეპატიტების ელიმინაციის კლინიკური ჯგუფის წევრები. ცენტრის მიერ, კლინიკა „ჰეპასთან“ ერთად, შედგენილია B და C ჰეპატიტებით პაციენტების მკურნალობის და მოვლის ეროვნული გაიდლაინები/პროტოკოლები, რომლებიც ეყრდნობა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების: ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL), ამერიკის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის (AASLD), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვ. უახლეს რეკომენდაციებს.

ცენტრში ხორციელდება B და C ჰეპატიტებით პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი საერთაშორისო სტანდარტებით.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნებათ მაღალი რისკის ქცევები (ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება, დაუცველი სქესობრივი კავშირი, ხშირი ინვაზიური სამედიცინო მანიპულაციები და სხვ.) პროგრამის ფარგლებში დროულად ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა B ჰეპატიტზე და ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობისთვის.

B ჰეპატიტის ადრეული გამოვლენა და დროული, ეფექტიანი მკურნალობა დაავადების სერიოზული გართულებების (ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ღვიძლის კიბოს, ღვიძლის უკმარისობის და სხვ.) პრევენციის გარანტიაა.

დაავადების მართვის სირთულის და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელებაში პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სპეციალიზებული კლინიკები (სულ 10 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით). მომავალში კი პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობისა და მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ 2030 წლისთვის ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი.

ვიზიტის დასაჯავშნად და/ან ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: 557 25 27 84.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი. ალ. ყაზბეგის გამზირი N16. ქ. თბილისი“,- წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights