დაბერებასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროცესების გარკვევა დიდხანს სიცოცხლეში და სიბერეში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ახალი კვლევაში, მეცნიერებმა ჩვენი თავის ტვინის დაბერების სიჩქარე კვების რაციონში შემავალ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს დაუკავშირეს.
ილინოისის უნივერსიტეტისა და ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თავის ტვინის სკანირებების შედეგები შეადარეს 65-75 წლის ასაკის 100 მოხალისის მიერ მიღებულ საკვებ ნივთიერებებს. ეძებდნენ კავშირს გარკვეულ საკვებ ნივთიერებებსა და თავის ტვინის ნელა დაბერებას შორის.
გამოვლინდა ტვინის დაბერების ორი სხვადასხვა ტიპი. ნელი დაბერება დაკავშირებული აღმოჩნდა ხმელთაშუზღვიური რაციონის მსგავს საკვებთან, რაც როგორც წინა კვლევებმაც აჩვენა, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი სხეულისთვის.
„შევისწავლეთ კონკრეტული საკვები ბიომარკერები, მაგალითად, ცხიმოვანი მჟავების პროფილები, რომლებიც, როგორც კვების მეცნიერებაშია ცნობილი, პოტენციურად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს კი ემთხვევა დარგში არსებულ ვრცელ კვლევებს, რომლებიც წარმოაჩენს ხმელთაშუაზღვიური რაციონის დადებით ეფექტებს ჯანმრთელობაზე“, — ამბობს ილინოისის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი არონ ბარბი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლევრები დამოკიდებული არ იყვნენ მონაწილეთა მიერ მათი კვების რაციონის აღწერაზე. ამის ნაცვლად, ისინი სისხლის ნიმუშებს იღებდნენ და საკვების ბიომარკერებს სწავლობდნენ; ეს კი მყარი სამეცნიერო მტკიცებულებაა იმისა, რას სვამდნენ და ჭამდნენ ეს ხანშიშესული პირები.
ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მაგალითად შედის თევზსა და ზეითუნის ზეთში და ანტიოქსიდანტები, მაგალითად, ისპანახსა და ნუშში შემავალი ვიტამინი E — ნიმუშებში გამოვლენილ სასარგებლო ბიომარკერებს შორის იყო. ასევე გამოვლინდა კაროტინოიდები — სტაფილოსა და გოგრაში არსებული მცენარეული პიგმენტები, რომლებიც, წინა კვლევების მიხედვით, სხეულში ანთებას ანელებს და უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. ნელა დაბერებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი აღმოჩნდა ქოლინი, რომელიც დიდი ოდენობით შედის კვერცხის გულში, ორგანულ ხორცში და ნედლ სოიაში.
ტვინის დაბერება მკვლევრებმა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებებითა და კოგნიტური შეფასებებით მოახდინეს. ამ მიდგომებმა წარმოადგინა პრაქტიკული გონებრივი სისწრაფის სურათი და ნეირონების კონფიგურაციის უფრო დახვეწილი დეტალები.
„ამან უფრო მყარი გაგება მოგვცა ამ ფაქტორთა კავშირის შესახებ. ერთდოულად ვამოწმებთ თავის ტვინის სტრუქტურას, ფუნქციასა და მეტაბოლიზმს, რაც წარმოაჩენს პირდაპირ კავშირს ტვინის ამ მახასიათებლებსა და კოგნიტურ შესაძლებლობებს შორის“, — ამბობს ბარბი.
სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები იმისა, რომ კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის დაბერების პროცესში. ყოველი ახალი კვლევა უფრო მეტ ცნობას გვაწვდის იმაზე, რამდენად ახლოს არის ჩვენი ტვინი დაკავშირებული სხეულის ყველა სხვა ნაწილთან და ფუნქციასთან.
კვლევა დროის მცირე მონაკვეთში მიმდინარეობდა და საკმარისი არ არის მიზეზ-შედეგობრიობის დასამტკიცებლად. თუმცა, ასეთივე დასკვნებამდე მივიდა 2023 წელს ჩატარებული კვლევა, რომელშიც მონაწილეებს 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ასევე დაადგინა კავშირი ხმელთაშუაზღვიურ კვების რაციონსა და კოგნიტური გაუარესების დაბალ მაჩვენებელს შორის.
მკვლევრებს სურთ, მათი შემდეგი ნაბიჯი იყოს კლინიკური ცდები დროის დიდ მონაკვეთში, რათა ნახონ, როგორ გავლენას შეიძლება ახდენდეს კვება თავის ტვინის დაბერებაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ კვების რაციონში შეტანილმა მარტივმა ცვლილებებმა შეამციროს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკი, როგორიც არის ალცჰაიმერი.
კვლევა npj Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.unl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები