ნეანდერტალელთა გადაშენების ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერთა უმეტესობა ჰომო საპიენსებსა და მათ შორის კონკურენციას ასახელებს.
2010 წელს წამოიყენეს ჰიპოთეზა, – შესაძლოა, ეს ვირუსებსაც გამოეწვია, რომლებიც ამ სახეობის წარმომადგენლებს ჩვენმა წინაპრებმა გადასდეს, როცა აფრიკიდან ევროპაში გადაინაცვლეს.
ახალი აღმოჩენით დგინდება, რომ ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ არის, რადგან სპეციალისტებმა ნეანდერტალელთა 50 000 წლის წინანდელ ძვლებში სწორედ 3 ასეთი ძველი ვირუსის დნმ-ის კვალს მიაგნეს.
აქამდე მათში არსებული პათოგენების ამგვარი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა, რადგან ათასობით წლის განმავლობაში ვირუსების გენეტიკური მასალა საგრძნობლად ზიანდება და უმეტესწილად გაშიფვრას არ ექვემდებარება.
აღნიშნული დნმ-ის ნიმუშები შეიძლება, გამონაკლისად მივიჩნიოთ, მაგრამ გენეტიკური კვალი ბოლომდე იდენტიფიცირებადი მაინც არაა. მათ მეცნიერებმა რუსეთში მდებარე გამოქვაბულში აღმოჩენილი 2 მამრი ნეანდერტალელის ძვლებში მიაკვლიეს. კერძოდ, გამოვლენილია სავარაუდო ადენოვირუსი, ჰერპესის ვირუსი და პაპილომა ვირუსი. ადამიანებში ისინი დღესაც გავრცელებულია და ინფექციებს იწვევს, მაგრამ როგორ გამოიხატებოდა მსგავსი ავადობა ნეანდერტალელებში, უცნობია.
უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე უძველესად მოიხსენიებოდა ჰერპესის ვირუსის დნმ, რომელიც ჰომო საპიენსის 31 000 წლის წინანდელ კბილშია ნაპოვნი. ახალი მიგნება ამაზე ბევრად ძველ ნიმუშებს გვთავაზობს, მაგრამ უძველესი დნმ-ების კვალის ავთენტურობა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა.
რამდენად იყო ვირუსები ნეანდერტალელთა გადაშენების უმთავრესი მიზეზი, უცნობია. ისინი საკმაოდ განვითარებული არსებები იყვნენ, კარგად ნადირობდნენ, ცეცხლის დანთებაც იცოდნენ და სოციალურობითაც გამოირჩეოდნენ.
პალეონტოლოგები ვარაუდობენ, რომ სახეობა გაქრობის რისკის წინაშე პოპულაციის მცირერიცხოვნობამაც დააყენა, საბოლოო ჯამში კი ერთმანეთს რამდენიმე ასეთი ფაქტორი დაერთო, რაც მათ გადაშენებას დაედო საფუძვლად.
მასალის გამოყენების პირობები