როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად…
საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში”პირადი ექიმი”:
„არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს. ხშირად ვამბობთ, რომ სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში საკვები პროდუქტები პროფილაქტიკურ როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ბალანსირებული კვებით ონკოლოგიური პრობლემები, ანთება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თავიდან ავიცილოთ. არის მდგომარეობები, როდესაც კვება დამხმარე ფუნქციას ასრულებს. შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს, მედიკამენტებთან ერთად, კვებას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.
არის შემთხვევები, როდესაც კვება პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი ინსტრუმენტია. მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში ფენილკეტონურია. კვება თუ არ გამოვასწორეთ, ბავშვის მდგომარეობაში არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, დიაგნოზი შეიძლება, ადამიანის ჩვეული კვების მოდელის ცვლილების წინაპირობა გახდეს. კვება განსაზღვრავს, გვექნება თუ არა ესა თუ ის დიაგნოზი და პირიქითაც, დიაგნოზი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი კვების მოდელი.
მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის დროს მარილით დატვირთვა ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც შეშუპების დროს სითხის დამატებით შეკავება. ტკბილი პროდუქტების გამოყენება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების ხარჯზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ფუჭი კალორიებით და არასაკმარისი საკვები ნივთიერებებით ვიტვირთებით. აღარაფერს ვამბობ თვითნებურად ცხიმით ან სხვა დანამატით დატვირთვაზე.
წყლით შევსება ეს არის ის უნივერსალური და მარტივი რეკომენდაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, თირკმლის მდგომარეობა. ან ზოგიერთი პათოლოგია, როდესაც წყლის რაოდენობა მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ.
პაციენტის როლში, ადამიანისათვის ხანგრძლივად შეზღუდული კვება, როგორი დასაბუთებულიც არ უნდა იყოს, როგორი მკაცრი არჩევანითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არ შეიძლება, სასარგებლო იყოს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეზღუდული კვება კრიტიკულად უნდა გადაიხედოს და ეტაპობრივად ან ერთბაშად გადაიხედოს. ეს შეიძლება საფეხურებრივი შემცირება ან მკვეთრი ზიგზაგების სახით იყოს. ორგანიზმისათვის გაცილებით დამზოგავი საფეხურებრივი გაფართოებაა. შეზღუდული კვება თუნდაც სხეულის კორექციისათვის, თუნდაც სეზონურად, თუნდაც გუნება-განწყობის, რიტუალური კვების შესაბამისად, აუცილებლად კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს.“