რა არის ალერგიული კონიუქტივიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა

0
527

ალერგიული კონიუქტივიტი

რა არის ალერგიული კონიუქტივიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა.

რა იწვევს ალერგიულ კონიუნქტივიტს, როგორია მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი, ელისო სიჭინავა.

– რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი?
ქუთუთოების შიგნითა ზედაპირი და თვალის კაკლის გარეთა ნაწილი რქოვანამდე დაფარულია ლორწოვანი გარსით – კონიუნქტივით, რომელიც გამოირჩევა მგრძნობელობით სხვადასხვა ალერგენისა და გამღიზიანებლის მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას მათზე და გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა:
– ქუთუთოების შეშუპება
– თვალების გაწითლება და ქავილი
– ცრემლდენა.

ალერგიული კონიუნქტივიტი არის ორგანიზმის რეაქცია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც მას პოტენციურად „მავნედ მიაჩნია“. ალერგენების ჩამონათვალი ფართოა და ხშირად მისი იდენტიფიცირება შეიძლება ვერც მოხერხდეს. ალერგენი შეიძლება იყოს:
– მცენარეების სპორები და მტვერი
– სხვადასხვა საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები
– კოსმეტიკა და პარფიუმერია
– მედიკამენტი
– საკვები პროდუქტი
– თამბაქოს კვამლი
– ცხოველის ბეწვი და სხვა.

ალერგიული კონიუნქტივიტი ძირითადად ორი ტიპისაა: მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი, იგივე “თავის ციებ-ცხელება” ძირითადად სეზონურია, ახასიათებს შეტევის სახით დაწყება ალერგენთან კონტაქტიდან ძალზე მოკლე ვადაში და ძირითადად ხანმოკლე და ეპიზოდური მიმდინარეობა. მისი სიმპტომებია:
– ქუთუთოების შეშუპება
– კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება
– მოთეთრო ფერის ლორწოვანი გამონადენი
– ძლიერ გამოხატული ქავილი
– ზოგჯერ ცხვირიდან გამონადენი.

ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია შედარებით ზომიერი მიმდინარეობა წლის განმავლობაში. მას შეიძლება თან ერწყმოდეს ურტიკარია და ბრონქული ასთმა.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების მიხედვით. ასევე გამოიყენება ალერგიული სინჯები და კონიუნქტივალური ნაცხის გამოკვლევა ეოზინიფილებზე.

– როგორ ხდება მკურნალობა?
უპირველეს ყოვლისა, აღმოფხვრილ უნდა იქნას ალერგენთან კონტაქტი. მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის გამოვლენის სიმწვავესა და სიმძიმეზე.

ადგილობრივად ინიშნება:
– ცივი საფენები
– ხელოვნური ცრემლის ჯგუფის თვალის წვეთები
– ანტიჰისტამინური და პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებელი თვალის წვეთები
– სტეროიდები
– ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორები

ზოგადი მოქმედებისთვის ინიშნება ინიშნება სისტემური ანტიჰისტამინური საშუალებები.

– რა სახის გართულება შეიძლება განვითრდეს?
უმეტეს შემთხვევაში ალერგიული კონიუნქტივიტი არ იწვევს რაიმე სერიოზულ გართულებებს, მაგრამ აუცილებელია მისი სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება და, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტის მიერ, რადგან გარკვეული ჯგუფის პრეპარატების თვითნებურმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პირიქით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მხედველობის ორგანოზე.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ