ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე, იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც პაციენტებისთვის, მედიკამენტები, სხივური, ჰორმონო და ქიმიოთერაპიები, ასევე, ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება. სხდომაზე საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს, პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან, სამინისტროში, 12 მარტს გამართული შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებს.
საბჭოს სხდომაზე, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, სკრინინგის პროგრამის გააქტიურებასა და მათ მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასევე, აუცილებელია, ქვეყანაში ერთიანი პროტოკოლების დანერგვა, რომლის ამოცანაც იქნება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერი გადაწყვეტილება, მხოლოდ პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული, სპეციალისტების, სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. აქცენტი გაკეთდა, აგრეთვე, სწრაფი დიაგნოსტიკისა და პრევენციის მნიშვნელობაზე.
ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები. საბჭოს შემადგენლობა, რამდენიმე დღის წინ განახლდა და მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პირველად შეიკრიბა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.