ამაზონის ტროპიკული ტყე უზარმაზარ ზეწოლას განიცდის, რამაც შეიძლება, ის სულ მალე, 2050 წლისთვის მიიყვანოს ეკოსისტემის ფართომასშტაბიან კოლაფსთან. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება, რომელშიც მეცნიერები გვაფრთხილებენ იმ საზარელი შედეგების შესახებ, რაც ამ კოლაფსს ექნება რეგიონსა და მთელ პლანეტაზე.
ტყის ჩეხვის, გვალვების, ხანძრებისა და ტემპერატურის მატებით გამოწვეულმა სტრესებმა ამაზონის ტყეებს შოკებისადმი მდგრადობის უნარი შეუსუსტა; მეცნიერთა აზრით, ამან ის შეიძლება ე. წ. გარდამტეხ წერტილამდე მიიყვანოს, რაც უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას უახლოეს ათწლეულებში შეუქცევადი გარდასვლის პროცესში შეიყვანს.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეაფასა, რომ 2050 წლისთვის, ამაზონის 10-47 პროცენტი დაექვემდებარება სტრესს, რამაც შეიძლება ეკოსისტემის ფართომასშტაბიანი ცვლილება გამოიწვიოს.
ამის გამო, ეკოსისტემამ შეიძლება ნახშირბადის შთანთქმა შეაჩეროს და პირიქით, გამოათავისუფლოს ის ნახშირბადი, რასაც თავად ინახავს, რაც გლობალურ დათბობას უფრო დააჩქარებს და მის ეფექტებს გააძლიერებს.
ტყის სისტემის კომპლექსურობისა დასადგენად და სტრესის გამომწვევი საკვანძო ფაქტორების გამოსავლენად, მკვლევრებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელები, დაკვირვებები და გასული ათასწლეულების განმავლობაში მომხდარ ცვლილებათა მტკიცებულებები.
ამის შემდეგ, შეისწავლეს სტრეს-ფაქტორები — მათ შორის, გლობალური დათბობა, წლიური ნალექები, მშრალი სეზონის ხანგრძლივობა და დეფორესტაცია — რათა ენახათ, როგორ შეიძლება მოქმედებდნენ ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლივად იმ უკუკავშირის მარყუჟების წარმოსაქმნელად, რომლებიც დიდი კოლაფსის გამომწვევია.
მათი განცხადებით, 2050 წლისთვის, ამაზონი შეიძლება უპრეცედენტო დონის წყლის სტრესს დაექვემდებაროს.
ზოგიერთი ზონა შეიძლება თეთრქვიშიან სავანებად გადაიქცეს, რომელთა ფართობიც ამაზონში უკვე იზრდება ტყის ხანძრების შემდეგ, ზოგიერთ ზონაში კი შეიძლება ალაგ-ალაგ დარჩეს ცეცხლისადმი მდგრადი ხეები და ინვაზიური ბალახები.
ტენიანი ადგილები შეიძლება დეგრადირებული ტყის სახით შემორჩეს, ხეების მხოლოდ რამდენიმე სახეობით და ბამბუკის მსგავსად სწრაფადმზარდი მცენარეების დიდი პროპორციით.
„გვაქვს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ტემპერატურის ზრდა, უკიდურესი გვალვები და ხანძრები გავლენას ახდენს ტყის ფუნქციონირებაზე და ცვლის, თუ რომელ ხეებს შეუძლია ტყის ეკოსისტემასთან ინტეგრირება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბირმინგემის სატყეო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი ადრიან ესკიველ-მელბერტი.
მკვლევართა განცხადებით, ისტორიული გვალვების მიზეზი უფრო კლიმატის ცვლილებაა, ვიდრე ბუნებრივი ელ-ნინიოს ამინდის ფენომენი.
ფლორისი ამბობს, რომ ძლიერი გვალვები ამ რეგიონის კლიმატურ პირობებს პროგნოზირებს 2030-იანი წლების დასაწყისისთვის.
„უზარმაზარი მდინარეები მთლიანად დაშრა, რამაც ადგილობრივი ხალხი თვეების განმავლობაში იზოლაციაში მოაქცია, მწირი საკვებისა და წყლის პირობებში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამაზონში ხალხს წყლის ნაკლებობის პრობლემა შეექმნებოდა“, — ამბობს ფლორისი.
CO2-ის გამოყოფასთან ბრძოლაში, ხმელეთის ეკოსისტემა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რადგან მცენარეულობა და ვეგეტაცია უზარმაზარი ოდენობის ნახშირბადს შთანთქავს.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები