ფოსფორილირებული ცილა TAU 217 (p-tau217) მოქმედებს, როგორც ბიომარკერი და პათოლოგიის იდენტიფიცირებისას, მაღალ საიმედოობას ავლენს.
საერთაშორისო კვლევაში ბარსელონას სან-პაუს კლინიკის მედიკოსებიც მონაწილეობდნენ.
ბარსელონას სანტ-პაუს კლინიკაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სისხლის ანალიზს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირება 95-პროცენტიანი სიზუსტით შეუძლია. „ამ კვლევამ, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლში ბიომარკერების პოვნას, დაადასტურა, რომ ფოსფორილირებული ცილა TAU 217 (p-tau217)-ს მაღალი სიზუსტით ახდენს პათოლოგიის იდენტიფიცირებას“, – ნათქვამია კატალონიური კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე წლის წინ, სანამ ბიომარკერებს აღმოაჩენდნენ (ცერებროსპინალური სითხის ანალიზის გზით), ამ ნეიროდეგენერაციული დაავადების გამოვლენის ერთადერთი გზა თავის ტვინის გამოკვლევა იყო. თუმცა, სანტ-პაუს კლინაკაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ p-tau217-ს, ცერებროსპინალური სითხის ბიომარკერებთან შედარებით, დიაგნოსტიკის უფრო მაღალი სიზუსტე აქვს და განსაკუთრებით ეფექტურია პროლონგირებული ცვლილებების გამოვლენაში (დაავადების პრეკლინიკურ ეტაპებზეც კი).
სანტ-პაუს რეაბილიტაციის ინსტიტუტის დემენციის ნეირობიოლოგიის ჯგუფის მკვლევარი და ამავე კლინიკის მეხსიერების განყოფილების ბიომარკერების პლატფორმის ხელმძღვანელი, დოქტორი დანიელ ალკოლეა, ირწმუნება, რომ „ყველა ბიომარკერიდან, რომელიც ამჟამად არის შესწავლილი, საუკეთესო შედეგს სწორედ ფოსფორილირებული ცილა TAU 217 (p-tau217) იძლევა“. უფრო მეტიც, – ამ ახალ მეთოდს შეუძლია, 80%-ით შეამციროს დიაგნოზის დასადასტურებლად საჭირო დამატებითი ტესტების საჭიროება.
თავის მხრივ, ამავე კლინიკის მკვლევარი და ნევროლოგიური სამსახურის დირექტორი, დოქტორი ალბერტო ლეო აღნიშნავს, რომ „ამ ტიპის ტესტის დანერგვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კლინიკური შეფასება და გაადვილოს კლინიკურ კვლევებში მონაწილეთა შერჩევა, ასევე უზრუნველყოს დაავადების შემცვლელ თერაპიებზე დროული ხელმისაწვდომობა“.
კვლევა ეფუძნებოდა შვედეთში გაანალიზებული 786 პაციენტის ნიმუშებს, რომელთა საშუალო ასაკი 66.3 წელია. სანტ-პაუს კლინიკის მკვლევარებთან ერთად, კვლევაში ასევე მონაწილეობდნენ: კანადელი (TRIAD- the Translational Biomarkers in Aging and Dementia) და ამერიკელი (WRAP – the Wisconsin Registry for Alzheimer’s Prevention) მკვლევარები.