მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია.
მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი.
„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. არის რესპირატორული ვირუსი. შესაძლოა, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს.
ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს. ახლა კორონას შემთხვევები ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. შეიძლება, ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
„39 ტემპერატურა გრიპის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა – 38,5-ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ მედიკამენტებს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი საშუალება. არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიცემა, როდესაც ვირუსული დაავადებაა. ადამიანს თუ ჩირქოვანი ნახველი აქვს, ნახველში გაჩნდება სისხლის ძაფები, ან თუ აქვს ფილტვების ანთების ნიშნები, უჭირს სუნთქვა, ულურჯდება ტუჩები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა “აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდნენ ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდნენ.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბი ატაროს იმან, ვინც ავად არის. საერთოდაც, სახლში უნდა დარჩეს იმისთვის, რომ არ გაავრცელოს ვირუსები“, – აღნიშნა იმნაძემ.
„გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია. ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.“
მისი თქმით, პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება,
„კლინიკაში პაციენტების თითქმის 30%-ს ფილტვების ანთება უდასტურდება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია.
წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi