ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (პორტულ-სისტემური ენცეფალოპათია, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ღვიძლისმიერი კომა) არის ტვინის ფუნქციების გაუარესება, გამოწვეული იმ ტოქსინების სისხლში დაგროვებით და ტვინზე ზემოქმედებით, რომლებიც ნორმაში ღვიძლის გზით გამოიყოფა სხეულიდან.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორებია ღვიძლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე დაავადების ფონზე ალკოჰოლის ჭარბი რადენობით მიღება, წამალი ან რაიმე სახის სტრესი;
აღინიშნება ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, პიროვნული, ქცევითი და განწყობის აშლილობები;
დიაგნოზი ეფუძნება ფიზიკური გამოკვლევის, ელექტროენცეფალოგრაფიისა და სისხლის ანალიზის შედეგებს;
მაპროვოცირებელი ფაქტორის თავიდან არიდება და საკვებში ცილის შეზღუდვა ხელს უწყობს სიმპტომების გაქრობას.
ნაწლავიდან სისხლის მიმოქცევაში შეწოვილი ნივთიერებები გაივლის ღვიძლს, სადაც, ჩვეულებრივ, სისხლი იწმინდება ტოქსინებისგან. ამ უკანასკნელთა უმეტესობა პროტეინის მონელებისას წარმოქმნილი პროდუქტებია. ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისას სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდა ვერ ხერხდება ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების გამო. გარდა ამისა, ზოგიერთი ტოქსინი Mსაერთოდ არ ხვდება ღვიძლში, ვინაიდან ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ პირდაპირ გადადის პორტული ვენისა (რომელიც სისხლს აწვდის ღვიძლს) და მთავარი (სისტემური, მთელი სხეულის) ვენური სისტემის დამაკავშირებელ ვენებში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადება ან პორტული ჰიპერტენზია. ქირურგიულ შუნტს (პორტოსისტემური შუნტი), რომელსაც იყენებენ პორტული ჰიპერტენზიის კორექციისათვის შესაძლოა იგივე ეფექტი ჰქონდეს. მიზეზის მიუხედავად შედეგი ერთია: ტოქსინები აღწევენ ტვინს და უარყოფითად მოქმედებენ მის ფუნქციაზე. არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი ნივთიერებაა თავის ტვინისთვის მომწამლავი. საფიქრებელია, რომ ცილის დაშლის პროდუქტების, მაგალითად, ამიაკის, მაღალი დონე სისხლში გარკვეულ როლს თამაშობს ზემოთ მოხსენიებულში.
ღვიძლის ხანგრძლივად მიმდინარე (ქრონიკული) დაავადების მქონე პირებისთვის ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ჩვეულებრივ, ან მწვავე ინფექციაა, ან ერთჯერადად ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, რაც აღრმავებს ღვიძლის დაზიანებას. ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ცილების დიდი რაოდენობით მიღებაც, რაც ზრდის ცილის დაშლის პროდუქტების დონეს სისხლში. სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სახელდობრ, სისხლდენა საყლაპავის გაფართოებული, დაკლაკნილი ვენებიდან (საყლაპავის ვარიკოზები) იწვევს ცილის დაშლის პროდუქტების დაგროვებას სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რამაც, შესაძლოა, პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს ტვინზე. დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების დისბალანსი და ზოგიერთი წამალი, განსაკუთრებით სედაციური, ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი საშუალება, აგრეთვე შეიძლება გახდეს ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორი. მოხსენიებული წამლების მიღების შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია ენცეფალოპათიის უკუგანვითარება.
სიმპტომები და დიაგნოზი
სიმპტომების აღმოცენების მიზეზია თავის ტვინის ფუნქციის გაუარესება. დამახასიათებელია ცნობიერების დაბინდვა, გარემოში ორიენტაციის უნარის დაქვეითება. ადრეულ სტადიებზე ვლინდება თითქმის შეუმჩნეველი ცვლილებები ლოგიკურ აზროვნებაში, პიროვნულ თვისებებსა და ქცევაში. ადამიანის ხასიათი იცვლება, ქვეითდება ობიექტური შეფასების უნარი, შესაძლებელია ძილის პროცესის მიმდინარეობის დარღვევაც. ენცეფალოპათიის ნებისმიერ ეტაპზე პაციენტის მიერ ამოსუნთქულ ჰაერს შეიძლება ჰქონდეს ობის მოტკბო სუნი. დაავადების პროგრესირებისას ხელების გაშლისას აღინიშნება ხელების კანკალი, მათი რხევითი მოძრაობა (ასტერიქსისი), მეტყველება და მოძრაობა შენელებულია. დეზორიენტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. იშვიათად პაციენტი შეიძლება აგზნებული, აჟიტირებული იყოს. აგრეთვე უჩვეულოა კრუნჩხვების განვითარება. დროთა განმავლობაში პაციენტმა შეიძლება დაკარგოს გონება, კომური მდგომარეობა განუვითარდეს.
ენცეფალოპათიის ადრეული სტადიის დიაგნოსტიკისთვის ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) გამოიყენება. ყველაზე მსუბუქ შემთხვევებშიც კი ეეგ-ზე აღინიშნება თავის ტვინის ტალღების პათოლოგიური შენელება. სისხლში ამიაკის დონე მკვეთრად არის მომატებული, მაგრამ მისი დონის განსაზღვრა არ არის საკმარისი ენცეფალოპათიის დიაგნოზის დასადასტურებლად.
ასაკოვან პირებში ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ამოცნობა მის ადრეულ ეტაპზე შესაძლოა გართულდეს, ვინაიდან ადრეული სიმპტომები, როგორიცაა ძილის დარღვევა და ცნობიერების მსუბუქად დაბინდვა, შეცდომით შეიძლება დემენციის ან დელირიუმის გამოხატულებად იქნეს მიიჩნეული.
მკურნალობა
ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მაპროვოცირებელი ფაქტორების – ინფექციის ან წამლის გამოყენების გამორიცხვას ან დადასტურებას. აუცილებელია ნაწლავებიდან მომწამლავი ნივთიერებების ელიმინაცია საკვების გარკვეული სახეების შეზღუდვის გზით. ცილის რაოდენობა მცირდება ან უცილო საკვები ინიშნება, კალორიების მთავარ წყაროდ რჩება ბუნებრივი გზით მიღებული ან ინტრავენურად გადასხმული ნახშირწყლები. მოგვიანებით საკვებს შეიძლება დაემატოს მხოლოდ მცენარეული (ბოსტნეული), მაგრამ არა ცხოველური ცილები. ცილის მიწოდება საჭიროა პროტეინების ადეკვატური რაოდენობით მიღების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ისეთი დოზით, რომელიც არ გაართულებს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მიმდინარეობას. დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი ბოსტნეულით კვება აჩქარებს საკვების გადაადგილებას და ცვლის მჟავიანობას ნაწლავში, რის გამოც ამიაკის შეწოვა მცირდება. პერორალურად მიღებულ სინთეზურ შაქარსაც (ლაქტულოზა) მსგავსი სასარგებლო ეფექტები აქვს: ის ცვლის ნაწლავის მჟავიანობას, მოქმედებს როგორც საფაღარათო საშუალება და აჩქარებს საკვების გადაადგილებას. ზოგჯერ ინიშნება გამწმენდი ოყნები. იშვიათად, თუ პაციენტი ვერ იტანს ლაქტულოზას, გამოიყენება დასალევი ანტიბიოტიკები.
მკურნალობის ფონზე ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის უკუგანვითარება ხშირია. ფაქტობრივად, სრული აღდგენაა შესაძლებელი, თუ ენცეფალოპათია პროვოცირებული იყო შექცევადი მიზეზით. პაციენტებს ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით ხშირად აღენიშნებათ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განმეორებითი ეპიზოდები. ღვიძლის მწვავე ანთებით გამოწვეული კომის პროგნოზი პაციენტების 80%-სთვის, ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, ფატალურია.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)