თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
ღამით შარდვა
ღამით მოშარდვის გახშირებული სურვილი (ნიქტურია) უფრო ხშირია მოხუცებში. ნიქტურიამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, აგრეთვე, ტრავმები დაცემის შედეგად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მიიჩქარის საჭირო ოთახისკენ, განათება კი ცუდია.
მიზეზები
ნიქტურია თირკმლების ბევრი დაავადების ადრეულ სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს. ის ხშირია გულის, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ცუდად კონტროლირებული უშაქრო ან შაქრიანი დიაბეტის დროს. ნიქტურია შეიძლება თირკმლების მიერ შარდის კონცენტრირების უნარის დარღვევამაც გამოიწვიოს. ღამით გახშირებული შარდვა მცირე მოცულობების გამოყოფით ვლინდება შარდსადენში შარდის დინების შეფერხების დროს, რადგან შარდი უკან გადადის შარდის ბუშტში და იქ გროვდება. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი შარდსადენის დახშობის ყველაზე ხშირი მიზეზია ხანდაზმულ მამაკაცებში. ხანდახან ნიქტურია შეიძლება უბრალოდ ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხის მიღებით იყოს გამოწვეული, განსაკუთრებით კი – ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი) მიღებით.
უნებლიე შარდვა ღამით, ძილის დროს (ენურეზი) ჩვეულებრივი მოვლენაა პატარა ბავშვებში. 5-6 წლის ასაკის შემდეგ მისი კვლავ არსებობა სავარაუდოს ხდის ქვედა საშარდე გზების კუნთებისა და ნერვების მომწიფების შეფერხებას, თუმცა ხშირად ის მკურნალობის გარეშეც გაივლის. თუ ენურეზი გაგრძელდა, სხვა მიზეზია საძიებელი, მაგალითად, საშარდე გზების ინფექცია, დიაბეტი, შარდის ბუშტის ნერვული კონტროლის უკმარისობა ან ფსიქოლოგიური ფაქტორები.
შეფასება და მკურნალობა
ნიქტურიის მიზეზი ხშირად გასაგები ხდება პაციენტის სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების შეფასებისთანავე. მამაკაცებში ექიმები წინამდებარე ჯირკვალს იკვლევენ. დამატებითი ანალიზები შეიძლება საჭირო გახდეს იმის მიხედვით, თუ რა მიზეზია სავარაუდო.
სითხის, ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების მიღების შეზღუდვა გვიან საღამოს და მოშარდვა ძილის წინ, შესაძლოა, ყველა ადამიანისთვის ეფექტური აღმოჩნდეს ნიქტურიის შესამცირებლად.
შარდვის დაწყების შეყოვნება,
გაჭინთვა შარდვისას, ნარჩენი წვეთები
შარდვის დაწყების შეყოვნება, გაჭინთვის საჭიროება, შარდის სუსტი ნაკადი და შარდვის დასრულების შემდეგ ნარჩენი წვეთები შარდსადენის ნაწილობრივი დახშობის ხშირი სიმპტომებია. მამაკაცებში ამას, როგორც წესი, გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი იწვევს, რომელიც შარდსადენს აწვება. უფრო იშვიათია თავად შარდსადენის შევიწროება (სტრიქტურა). თუ მსგავსი სიმპტომები აქვს ყმაწვილს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შარდსადენის ან შარდსადენის გარეთა ხვრელის თანდაყოლილი შევიწროება აქვს. იგივე შეიძლება ქალებშიც შეგვხვდეს.
ექიმი წინამდებარე ჯირკვალს ხელთათმნიანი, ლუბრიკანტიანი თითის სწორ ნაწლავში შეყვანით სინჯავს. თუ ჯირკვალი გადიდებულია, ინიშნება სისხლის ანალიზი პროსტატსპეციფიკური ანტიგენის გამოსაკვლევად ან ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევა. შარდსადენის სტრუქტურაზე ეჭვის დროს გამოიყენება ცისტოსკოპია – დრეკადი, კამერიანი მილის შეყვანა შარდის ბუშტში.
გადიდებულ წინამდებარე ჯირკვალს მკურნალობენ მედიკამენტებით ან ქირურგიულად. მამაკაცებში შარდსადენის შევიწროების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია პენისის გავლით შარდის ბუშტში კათეტერის შეყვანა და შარდსადენის გაგანიერება. შარდსადენის ღიაობის შესანარჩუნებლად ზოგჯერ საჭიროა სპეციალური მილის – სტენტის ჩადგმა შარდსადენში. ქირურგებმა შესაძლოა აღადგინონ დაზიანებული შარდსადენი ან რომელიმე სხვა ჩარევა ირჩიონ.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილი
მოშარდვის დაუძლეველი სურვილი, რომელიც შეიგრძნობა როგორც ხანგრძლივი, მტკივნეული ჭინთვა (ტენეზმები), შარდის ბუშტის გაღიზიანების შედეგი შეიძლება იყოს. თუ ადამიანი მაშინვე არ მოშარდავს, მოსალოდნელია უნებლიე შარდვა. ამის მიზეზი შეიძლება შარდის ბუშტის ინფექციაც იყოს. კოფეინი და ალკოჰოლი ამ სიმპტომს აძლიერებს, მაგრამ დამოუკიდებელი გამომწვევი არც ერთია და არც მეორე. იშვიათად ეს სიმპტომი შეიძლება შარდის ბუშტის ანთების ნაკლებად შესწავლილი ფორმით – ინტერსტიციული ცისტიტით – იყოს გამოწვეული.
მოხსენიებული სიმპტომის მიზეზის განსაზღვრა ხშირად შესაძლებელია სხვა სიმპტომების, გასინჯვისა და შარდის ანალიზის შედეგების შეფასებით. თუ ინფექციაა სავარაუდო, შარდის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა
მოხსენიებული სიმპტომის მიზეზის განსაზღვრა ხშირად შესაძლებელია სხვა სიმპტომების, გასინჯვისა და შარდის ანალიზის შედეგების შეფასებით. თუ ინფექციაა სავარაუდო, შარდის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ხდება საჭირო. ზოგჯერ, თუ ინტერსტიციული ცისტიტის არსებობას ეჭვობენ, ცისტოსკოპიას და შარდის ბუშტის ბიოფსიას ატარებენ.
მკურნალობა გამომწვევი დაავადების მიხედვით ინიშნება.
შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული (იხ. ქვეთავი 47).
სისხლი შარდში
შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია) შარდს მოწითალო ან მოყავისფრო ფერს აძლევს. შეფერილობა დამოკიდებულია სისხლის რაოდენობაზე, მისი შარდში მოხვედრის ხანდაზმულობაზე, შარდის მჟავა რეაქციის ხარისხზე. თუ სისხლის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ შარდს ფერს ვერ უცვლის, მაშინ მისი არსებობის დასადასტურებლად სპეციალური ქიმიური ანალიზები ან მიკროსკოპიული კვლევაა საჭირო.
მიზეზები
სისხლში შარდის არსებობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით, კენჭებით, სიმსივნით, ტრავმით ან შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის, შარდსადენის და თირკმლების სხვა დაავადებებით. იმ ადამიანთა ნახევარში, რომელთაც სისხლიანი შარდი ტკივილის გარეშე აქვთ, მიზეზი თირკმლების სპეციალიზებული სისხლძარღვების – გლომერულების დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა. ზოგჯერ, ნამგლისებრუჯრედოვანმა ანემიამ ან მისმა მსგავსმა ავადმყოფობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდში სისხლის არსებობა. სისხლი შარდში და ტკივილი ხშირად თირკმლების, შარდის ბუშტის ან წინამდებარე ჯირკვლის ინფექციითაა შეპირობებული. მიზეზი შეიძლება ერთ-ერთ შარდსაწვეთში ან შარდსადენში კენჭის ან სისხლის კოლტის გადაადგილებაც იყოს.
შეფასება და მკურნალობა
ზოგჯერ დიაგნოზისთვის მხოლოდ სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის, შარდის ანალიზის და, საჭიროებისას, თუ ეჭვია საშარდე გზების ინფექციაზე, შარდში მიკროორგანიზმების შესწავლის შედეგების შეფასებას ეფუძნება. თუმცა, ხშირად ცისტოსკოპია, გამოსახულებითი კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფია) ან სხვა რომელიმე დამხმარე მეთოდი ხდება საჭირო. თუ სიმსივნეზეა ეჭვი, შეისწავლება შარდში სიმსივნური უჯრედების არსებობა. აფრიკული წარმოშობის ადამიანებში, რომელთაც არა აქვთ დადგენილი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მის დასადასტურებლად შეიძლება სისხლის ანალიზი გახდეს საჭირო.
მკურნალობა გამომწვევი დაავადების მიხედვით ინიშნება.
ჰაერი შარდში
მოშარდვისას ჰაერის გამოყოფა იშვიათი სიმპტომია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ არსებობს კავშირი ანუ ხვრელმილი, ანუ ფისტულა საშარდე გზებსა და ჰაერის შემცველ ნაწლავებს შორის, რაც ნორმაში არ უნდა იყოს. ფისტულა შეიძლება დივერტიკულიტის, ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადების, ჩირქგროვის ან სიმსივნის გართულება იყოს. შარდის ბუშტსა და საშოს შორის ჩამოყალიბებულმა ფისტულამაც შეიძლება გამოიწვიოს მოშარდვისას ჰაერის გამოყოფა. იშვიათად, ამ სიმპტომის მიზეზი ზოგიერთი ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი აირია.
ქალებში შეიძლება გინეკოლოგიური გასინჯვა გახდეს საჭირო, დამატებით – ცისტოსკოპია, სიგმოიდოსკოპია ან გამოსახულებითი კვლევები: კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფია.
ფისტულებს, როგორც წესი, ქირურგიულად მკურნალობენ.
შარდის ფერის შეცვლა
განზავებული შარდი თითქმის უფეროა, კონცენტრირებული კი – მუქი ყვითელი. შარდი ნორმაში ყვითლისგან განსხვავებული ფერისა არ უნდა იყოს.
საკვების პიგმენტებმა შესაძლოა შარდს წითელი ფერი შესძინონ, მედიკამენტებმა კი ბევრი სხვადასხვა – ყავისფერი, შავი, ლურჯი, მწვანე, ნარინჯისფერი ან წითელი. ყავისფერი შარდი შესაძლოა დაშლილ ჰემოგლობინს (სისხლში ჟანგბადის გადამტანი ცილა) შეიცავდეს. ის შარდში ხვდება თირკმლიდან, შარდსაწვეთიდან ან შარდის ბუშტიდან სისხლდენის შემთხვევაში. გარდა ამისა, ჰემოგლობინი შარდში შეიძლება მოხვდეს ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც სისხლის წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზი) ახასიათებს. შარდი ყავისფერია მასში მიოგლობინის – კუნთის ცილის – შემცველობისას, რაც კუნთების მძიმე დაზიანების შედეგია. წითელი ფერი პორფირიის დროს წარმოქმნილი პიგმენტებით არის ხოლმე გამოწვეული, შავად შეფერვა კი – მელანომის დროს გამოყოფილი პიგმენტებით. შარდის შემღვრევას იწვევს საშარდე გზების ინფექციის დროს შარდში დიდი რაოდენობით სისხლის თეთრი უჯრედების არსებობა. სხვა შესაძლო მიზეზებია შარდში ფოსფორმჟავა ან შარდმჟავა კრისტალების არსებობა ან საშოდან გამონადენი.
ექიმები, როგორც წესი, ფერის შეცვლის მიზეზს შარდის მიკროსკოპიული შესწავლით ან ქიმიური ანალიზებით ადგენენ. მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ფერის შეცვლა რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული.
შარდის სუნის შეცვლა
შარდის სუნი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. სუნი რომელიმე დაავადების არსებობაზე, როგორც წესი, არ მიუთითებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანს ესა თუ ის იშვიათი მეტაბოლური დარღვევა აქვს.
დიაგნოზი
თირკმლების რომელიმე დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანის გამოკვლევისას ექიმი ცდილობს ხელით გასინჯოს თირკმლები. ბავშვებსა და მოზრდილებში ნორმაში მათი ხელით გასინჯვა შეუძლებელია (თუმცა შეიძლება გაისინჯოს ახალშობილებში). გადიდებული თირკმლები ან თირკმლების სიმსივნის ხელით შეგრძნება
შესაძლებელია. ხშირად გადავსებული შარდის ბუშტის გასინჯვაც შესაძლებელია. სწორი ნაწლავიდან ისინჯება წინამდებარე ჯირკვალი, დგინდება მისი ზომა, სტრუქტურული ცვლილებები. ჯირკვლის ზომა ხშირად არ შეესაბამება შარდსადენის დახშობის ხარისხს. ქალებში შესაძლოა გინეკოლოგიური გასინჯვაც გახდეს საჭირო იმის დასადგენად, საშარდე სისტემის მხრივ ჩივილებს ვაგინიტი ან სასქესო ორგანოების სხვა პრობლემა ხომ არ იწვევს.
დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკისთვის, საჭიროებისამებრ, დამატებითი პროცედურებიც ტარდება.
შარდის ანალიზი
შარდის ანალიზი შარდის გამოკვლევას ნიშნავს. შარდის ნიმუში სუფთად ან სტერილურად უნდა იქნეს აღებული – ისე, რომ არ დაბინძურდეს გარემოში არსებული მიკროორგანიზმებით. მაგალითად, შარდის აღებისას, მისი მიკროორგანიზმებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, შარდსადენის გავლით შარდის ბუშტში შეყვანილი კათეტერიდან მიღებული შარდის ანალიზი ტარდება. ანალიზით შესაძლებელია შარდში სხვადასხვა ნივთიერების აღმოჩენა და მათი რაოდენობის განსაზღვრა, სახელდობრ, ცილის, გლუკოზის (შაქარი), კეტონების, სისხლის და სხვ. ანალიზი სპეციალური სადიაგნოზო ჩხირით ტარდება, რომლებზეც დატანილი ქიმიური ნივთიერებები რეაქციაში შედის შარდში არსებულ მოლეკულებთან და სწრაფად იცვლის ფერს. ზოგჯერ ამ მეთოდით გამოკვლევის
შედეგები უფრო რთული, დახვეწილი და სარწმუნო მეთოდებით გადამოწმდება. შეიძლება შარდის მიკროსკოპიული შესწავლა, მასში სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების, კრისტალების, ცილინდრების (ცილინდრები თირკმლების მილაკებში ერთმანეთზე დალექილი უჯრედებით და ცილით იქმნება და შარდით გამოიყოფა) არსებობის დასადგენად.
შარდში ცილის არსებობა (პროტეინურია), როგორც წესი, სადიაგნოზო ჩხირის გამოყენებით დგინდება. გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ცილა შესაძლოა მუდმივად ან დროგამოშვებით გამოიყოფოდეს შარდით. პროტეინურია ხშირად თირკმლების დაავადების ნიშანია, მაგრამ ნორმაშიც შეიძლება შეგვხვდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, მარათონულ დისტანციაზე სირბილის შემდეგ.
შარდში გლუკოზის არსებობაც (გლუკოზურია) შეიძლება დადგინდეს სადიაგნოზო ჩხირის მეშვეობით. მისი ყველაზე ხშირი მიზეზი შაქრიანი დიაბეტია. ამავე დროს, შარდში გლუკოზის არარსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანს დიაბეტი არა აქვს ან ეს დაავადება ადეკვატურად იმართება.
კეტონების არსებობა შარდში ანუ კეტონურია აგრეთვე სადიაგნოზო ჩხირის გამოყენებით დგინდება. ეს ნივთიერებები მაშინ წარმოიქმნება, როცა ორგანიზმი ცხიმს შლის. შარდით გამოიყოფა შიმშილის, ცუდად მართული შაქრიანი დიაბეტის დროს და, ზოგჯერ, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ.
სისხლის არსებობა შარდში (ჰემატურია) სადიაგნოზო ჩხირის გამოყენებითაც შეიძლება დადგინდეს, მაგრამ დადასტურება შარდის მიკროსკოპიული შესწავლით ან კვლევის სხვა მეთოდების გამოყენებით ხდება. თუ შარდს სისხლის დიდი რაოდენობა შეერევა, შარდი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი მოწითალო ან მოყავისფრო შეფერილობისა არის.
შარდით ნიტრიტების (ნიტრიტურია) გამოყოფაც სადიაგნოზო ჩხირის მეშვეობით შეისწავლება. ნიტრიტების მაღალი დონე საშარდე გზების ინფექციაზე მიუთითებს.
ლეიკოციტების ესთერაზის (ფერმენტი, რომელიც სისხლის ზოგიერთ თეთრ უჯრედში გვხვდება) შარდში აღმოჩენაც ჩხირით ხდება. ეს ფერმენტი საშარდე გზების ინფექციით გამოწვეული ანთების ნიშანია.
შარდის მჟავიანობაც ჩხირით იზომება. მჟავიანობის ცვლილებას ზოგიერთი საკვები ან ქიმიური ნივთიერებების დისბალანსი, ან მეტაბოლური დარღვევები იწვევს.
შარდის კონცენტრაცია (ოსმოლალობა, ანუ ხვედრითი წონა) მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის გაუწყლოებაზე, მიღებული სითხის რაოდენობაზე და ა.შ. შარდის ხვედრითი წონა საყურადღებო პარამეტრია თირკმლების ფუნქციის დარღვევის შეფასებისთვის. თირკმელი შარდის კონცენტრირების უნარს მისი ფუნქციური უკმარისობის ადრეულ სტადიაზევე კარგავს. ამ ფუნქციის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებისას ადამიანი 12-14 საათის განმავლობაში წყალს და სხვა სითხეებს არ იღებს. სხვა მეთოდით კვლევისას ანტიდიურეზული ჰორმონი (ვაზოპრესინი) შეჰყავთ ინექციით. ორივე შემთხვევაში, საბოლოოდ, შარდის ხვედრითი წონა იზომება. ნორმაში შარდი საკმაოდ კონცენტრირებული უნდა იყოს. თირკმლების ზოგიერთი დაავადების დროს (მაგ., თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი) შარდის კონცენტრირება ვერ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლების სხვა ფუნქციები დარღვეული არ არის.
შარდში ნალექის არსებობა მიკროსკოპით დგინდება და ინფორმაციას გვაწვდის თირკმლების ან საშარდე გზების ამა თუ იმ დაავადების არსებობის თაობაზე. ნორმაში შარდში მცირე რაოდენობით არის უჯრედები და საშარდე გზების შიდა ზედაპირიდან ჩამოფცქვნილი ელემენტები. თირკმლების ან საშარდე ტრაქტის დაავადებისას უფრო მეტი უჯრედი ჩამოიფცქვნება, რაც ნალექს წარმოქმნის შარდის ცენტრიფუგირების ან რაღაც პერიოდით სინჯარაში დაყოვნების შემდეგ.
შარდის მიკროორგანიზმების
შესწავლა
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის მასში არსებული მიკროორგანიზმები ლაბორატორიაში ხელოვნურ საკვებ ნიადაგზე იზრდება და საშარდე გზების ინფექციის სადიაგნოზოდ გამოიყენება. ეს ანალიზი სტანდარტულ, ჩვეულებრივ კვლევებს არ განეკუთვნება. ანალიზისთვის შარდის ნიმუში სუფთად ან შარდის ბუშტში ჩადგმული კათეტერიდან უნდა იქნეს აღებული.
თირკმლების ფუნქციური ტესტები
შარდისა და სისხლის ანალიზების მეშვეობით შესაძლებელია თირკმლების ფუნქციის შეფასება. კრეატინინის – ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტის – რაოდენობა სისხლში იზრდება, როცა თირკმლებში სისხლის ფილტრაციის სიჩქარე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კრეატინინისგან სისხლის გაწმენდის (კლირენსის) მიახლოებითი გამოთვლა შესაძლებელია სისხლის ანალიზის მეშვეობით, რაც უფრო ზუსტი მეთოდია. ამისათვის გამოიყენება ფორმულა, რომელიც კრეატინინის რაოდენობას აკავშირებს ადამიანის ასაკთან, წონასა და სქესთან. კრეატინინის კლირენსის კიდევ უფრო ზუსტად გამოსათვლელად საჭიროა შარდის შეგროვება დროის განსაზღვრულ შუალედებში და სისხლში ამ ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრა. სისხლში შარდოვანას (BUN) დონეც ასახავს თირკმლების ფუნქციონირების ხარისხს, თუმცა მის შემცველობაზე ბევრი სხვა ფაქტორიც ახდენს გავლენას.
გამოსახულებითი კვლევები
რენტგენოგრაფია საშარდე გზების დაავადებების დიაგნოსტიკაში ნაკლებად გამოიყენება.
ულტრასონოგრაფია ხშირად პირველი გამოსახულებითი კვლევაა, რომლითაც იწყებენ სადიაგნოზო ძიებას თირკმლების დაავადებების არსებობაზე ეჭვის გაჩენისთანავე. ის უსაფრთხოა თირკმლების ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაშიც, არაინვაზიურია, უმტკივნეულოა, არ საჭიროებს საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებას. ულტრაბგერა თირკმლების ფუნქციის შესახებ არაპირდაპირ ინფორმაციას გვაწვდის, ძალიან კარგი საშუალებაა თირკმლების ზომის, მდებარეობის დასადგენად, ობსტრუქციის, სტრუქტურული ანომალიების აღმოსაჩენად. თირკმლების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ნაკლებად ზუსტია. ულტრაბგერა გამოიყენება ბიოფსიის დროს, თირკმლების ქსოვილის ასაღებად საუკეთესო ადგილის შესარჩევად.
საშარდე გზებში კენჭების აღმოჩენა ულტრასონოგრაფიული კვლევით შესაძლებელია, მაგრამ 5 მილიმეტრზე მცირე ზომის წარმონაქმნები ამ მეთოდის გამოყენებისას არ ჩანს. თუ სავარაუდოა, რომ შარდის ბუშტი სრულად არ იცლება, ულტრაბგერა გამოიყენება მოშარდვის შემდეგ ბუშტში ნარჩენი შარდის რაოდენობის დასადგენად. შარდის ბუშტის სიმსივნეების სადიაგნოზოდ ულტრასონოგრაფია, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ნაკლებად ინფორმაციულია.
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) თირკმელში მოცულობითი წარმონაქმნების გამოსაკვლევად გამოიყენება. სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს პაციენტი სკანერში გამუდმებით მოძრაობს, რაც ზოგიერთი ნაწილის უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩენისა და პროცედურის უფრო ნაკლებ დროში დასრულების შესაძლებლობას იძლევა. სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერების გარეშე გამოიყენება თირკმლების კენჭოვანი დაავადების არსებობაზე ეჭვის დასადასტურებლად, სხვა შემთხვევაში იმის სასწრაფოდ დასადგენად ხომ არ გამოიწვია ტრავმამ თირკმელში ან მის მიმდებარე ქსოვილებში სისხლჩაქცევა. საკონტრასტო ნივთიერება ხშირად გამოიყენება ამ მეთოდით კვლევისას. მისი ინტრავენური გზით შეყვანისას თირკმლების არტერიები და ვენები, ზოგიერთი სიმსივნე (მაგ., თირკმელუჯრედოვანი კიბო) და პოლიცისტური თირკმლების სტრუქტურები უფრო ზუსტად ჩანს გამოსახულებაზე. საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქცია ან, იშვიათად, თირკმლების დაზიანება.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) თირკმლების, მის გარშემო არსებული სტრუქტურებისა და სისხლძარღვების სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. მრტ-ის მეშვეობით შეიძლება სიმსივნეებისა და ცისტების ერთმანეთისგან გარჩევა. გამოსახულების მეტი სიზუსტისთვის, პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა თირკმლების სისხლძარღვების დაავადებების ამოცნობა. თუ ამ გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო, მაგრამ მაღალია საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაცვლად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენება.
ინტრავენური უროგრაფიის (ივუ ან ინტრავენური პიელოგრაფია – ივპ) დროს საკონტრასტო ნივთიერება ვენიდან შეიყვანება და შემდეგ ხდება თირკმლების, შარდსაწვეთებისა და შარდსადენის რენტგენით გადაღება. როგორც წესი, ამ კვლევის ნაცვლად ულტრაბგერა, კტ ან მრტ გამოიყენება. თუმცაღა, ივუ-ით მიღებულ გამოსახულებაზე შარდსაწვეთების მცირე დაზიანებები, თირკმლების ზოგიერთი სტრუქტურული ანომალია უფრო ზუსტად შეიძლება გამოჩნდეს. კვლევის ამ მეთოდს იყენებენ, თუ პაციენტს სისხლიანი შარდვა აქვს, მათ შორის მაშინაც, როცა სისხლი შეუიარაღებული თვალით არ ჩანს. ივუ შეიძლება ჩატარდეს შარდსაწვეთების ან საშარდე გზების სხვა ნაწილის სიმსივნეზე ეჭვის არსებობისას. საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქცია ან, იშვიათად, თირკმლების დაზიანება.
ცისტოურეთროგრაფიის დროს ივუ-ისთვის გამოსაყენებული საკონტრასტო ნივთიერების მსგავსი ნივთიერება შეჰყავთ შარდის ბუშტში, რის შემდეგაც შარდვის დროს და შარდვის დასრულებისთანავე რენტგენით იღებენ სურათებს. ამ მეთოდს მიქციური ცისტოურეთროგრაფია ეწოდება. ის განსაკუთრებით გამოსადეგია საშარდე გზების ხშირი, განმეორებითი ინფექციების დროს, თუმცაღა მას თავადაც შეუძლია დაინფიცირების მიზეზი
გახდეს. საკონტრასტო ნივთიერების გამოყენების შედეგად შესაძლოა ალერგიული რეაქცია, იშვიათად – თირკმლების დაზიანება.
რადიონუკლიდური კვლევისას რადიოაქტიური ნივთიერების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ მისი გამოსხივება სპეციალური გამა-კამერით ფიქსირდება და თირკმლების გამოსახულება მიიღება. ამ კვლევის ერთ-ერთი სახეობა (რენოგრაფია) თირკმელში სისხლის მიმოქცევას შეისწავლის. ეს მეთოდი გამოიყენება თირკმლებთან დაკავშირებული სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის.
ანგიოგრაფიის დროს საკონტრასტო ნივთიერება არტერიაში შეჰყავთ. იმის გამო, რომ კათეტერი არტერიაში უნდა ჩაიდგას, ხოლო ნივთიერების ხსნარი დიდი წნევით უნდა შევიდეს, ამ კვლევას, სხვებთან შედარებით, რისკების ალბათობა უფრო მაღალი აქვს. შესაბამისად, ის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება (მაგ., ბალონურ ანგიოპლასტიკამდე და შემდეგ, სტენტის ჩასაყენებლად). ამ ჩარევის მიზანია რომელიმე თირკმლის არტერიის გამტარობის შენარჩუნება ან დეტალური ინფორმაციის მიღება ამ სისხლძარღვების შესახებ ქირურგიულ ჩარევამდე. ანგიოგრაფიის გართულებებია: საინექციო არტერიების და მეზობელი ორგანოების დაზიანება, სისხლდენა და რეაქცია საკონტრასტო ნივთიერებაზე.
ცისტოსკოპია
ცისტოსკოპია ენდოსკოპიის ერთ-ერთი სახეობაა, ის გამოიყენება შარდის ბუშტისა და შარდსადენის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკაში. ცისტოსკოპი დრეკადი მილია, მისი დიამეტრი დაახლოებით ფანქრის დიამეტრის ტოლია, სიგრძე 30-150 სანტიმეტრი შეიძლება იყოს, თუმცა მხოლოდ 15-30 სანტიმეტრი შეჰყავთ შარდსადენსა და შარდის ბუშტში. ცისტოსკოპების უმრავლესობას აქვს სინათლის წყარო და მცირე ზომის კამერა, რომლითაც შესაძლებელია შარდის ბუშტისა და შარდსადენის შიგნიდან დათვალიერება. ბევრ ცისტოსკოპს წვერზე პატარა საკვეთი მოწყობილობაც აქვს შარდის ბუშტის შიგნითა ზედაპირიდან ქსოვილის ნიმუშის ასაღებად (ბიოფსია). ცისტოსკოპია უმნიშვნელო დისკომფორტს იწვევს და პაციენტის დაძინება არ არის საჭირო. პროცედურამდე, როგორც წესი, შარდსადენში ანესთეზიისთვის სპეციალური გელი შეჰყავთ. შესაძლო გართულებებია: სისხლიანი შარდვა, იშვიათად – შარდის ბუშტის გახვრეტა.
ქსოვილისა და უჯრედების
ნიმუშების აღება
თირკმლების ბიოფსიის დროს იკვეთება ორგანოს ქსოვილის ნაწილი და მიკროსკოპით შეისწავლება. ეს კვლევა ძირითადად იმ დაავადებების სადიაგნოზოდ გამოიყენება, რომლებიც თირკმელში გლომერულებს აზიანებს. ის გამოსადეგია თირკმლების მილაკების დამაზიანებელი დაავადებებისა და თირკმლების მწვავე უკმარისობის გამომწვევი უჩვეულო მიზეზების დასადგენად. ბიოფსია ზოგჯერ გადანერგილ თირკმელზე ტარდება იმის გასარკვევად, ხომ არ ცდილობს იმუნური სისტემა გადანერგილი ორგანოს მოცილებას.
პროცედურის დროს ადამიანი მუცელზე წევს და ზურგზე, თირკმლების უკან, კანსა და კუნთებში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ. იმისთვის, რომ ექიმმა ზუსტად დაუმიზნოს ნემსი გლომერულების შემცველ ნაწილს ისე, რომ დიდი სისხლძარღვი არ დააზიანოს, გამოსახულების მისაღებად ულტრასონოგრაფია ან კტ გამოიყენება. ნემსი კანის გავლით თირკმელში შეიყვანება. ეს პროცედურა არ არის რეკომენდებული მაღალი არტერიული წნევის, სისხლის შედედების დარღვევის, საშარდე გზების მწვავე ინფექციის ან მხოლოდ ცალი თირკმლის მქონე (გარდა გადანერგილი თირკმლებისა) პაციენტებისთვის. მოსალოდნელი გართულებებია: სისხლიანი შარდვა, სისხლდენა თირკმლების მიმდებარე ქსოვილებიდან, მცირე არტერიოვენური ხვრელმილების (ანომალიური კავშირი მცირე ზომის ვენებსა და არტერიებს შორის) ფორმირება თირკმელში.
შარდის ციტოლოგია გულისხმობს შარდის მიკროსკოპიულ შესწავლასA სიმსივნური უჯრედების აღმოსაჩენად. კვლევის ეს სახე გამოიყენება თირკმლებისა და საშარდე გზების სიმსივნეების სადიაგნოზოდ, აგრეთვე სიმსივნის სკრინინგისთვის ამ დაავადების მაღალი ალბათობის მქონე პირებს შორის (მწეველები, ბენზინის წარმოებაში მომუშავენი, აგრეთვე ის პაციენტები, რომლებსაც სისხლიანი შარდვა აქვთ ტკივილის გარეშე). შარდის ბუშტის ან თირკმლების სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ეს კვლევა განმეორებით ტარდება დაკვირვებისთვის. ისიც ხაზგასასმელია, რომ ზოგჯერ კვლევის შედეგი სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს მაშინ, როცა ის სინამდვილეში არ არის, ან პირიქით, შედეგი უარყოფითია სიმსივნის არსებობისას, იმ შემთხვევებში, როცა სიმსივნე ახლად არის წარმოქმნილი ან ნელა იზრდება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.
გამომცემლობა პალიტრა L