5 ოქტომბერი — მენინგიტის მსოფლიო დღე
ყოველი წლის 5 ოქტომბერს მსოფლიო მენინგიტის დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გამოაქვეყნა საგზაო რუკა 2030 წლისთვის — სტრატეგიული დოკუმენტი მენინგიტის დასამარცხებლად. დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და ყოველწლიურად არანაკლებ 2,5 მილიონ ადამიანს აზიანებს მთელს მსოფლიოში.
რა არის მენინგიტი?
მენინგიტი არის მენინგების ანთება — ქსოვილებისა, რომლებიც გარს აკრავს თავის ტვინს და ზურგის ტვინს. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს როგორც არაინფექციურმა პროცესებმა (ავტოიმუნური დარღვევები, კიბო, წამლის რეაქციები), ასევე ინფექციურმა გამომწვევებმა — ბაქტერიებმა, ვირუსებმა, სოკოებმა და, იშვიათ შემთხვევებში, პარაზიტებმა. მენინგიტის გამომწვევი ინფექციების უმეტესობა გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
სიკვდილი სულ რაღაც 24 საათში
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსული მენინგიტი შედარებით გავრცელებულია, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ბაქტერიული მენინგიტი, რომელსაც სიკვდილამდე მისვლა სულ რაღაც 24 საათი შეიძლება დასჭირდეს. ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულთა დაახლოებით ყოველი მეათე პაციენტი იღუპება. გამომწვევი ბაქტერიების უმეტესობა ვრცელდება ცხვირისა და ყელის მეშვეობით.
ყოველწლიურად მსოფლიოში ბაქტერიული მენინგიტის 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მკურნალობის გარეშე სიკვდილიანობამ შეიძლება 70%-მდე მიაღწიოს. გარდა ამისა, ყოველი მეხუთე გადარჩენილი პაციენტი განიცდის მუდმივ გართულებებს — სმენის დაქვეითებას, ნევროლოგიურ ინვალიდობას ან კიდურის დაკარგვას.
სიმპტომები
მენინგიტის პირველი სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია და გრიპის ნიშნებს მოგვაგონებს — ცხელება და ზოგადი სისუსტე. თუმცა სწრაფად ემატება სხვა, საგანგაშო სიმპტომები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება:
მაღალი სიცხე, ძლიერი თავის ტკივილი, ფოტოფობია, ღებინება, შეცვლილი ცნობიერება და კისრის კუნთების სიმტკიცე.
სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს და სწრაფად გაუარესდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი. მენინგიტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა წელის პუნქციის მეშვეობით.
მთავარია ვაქცინაცია
ჯანმო-ს ინიციატივა „მენინგიტის გარეშე სამყაროსკენ” სამ ძირითად მიზანს ითვალისწინებს:
პირველი — ბაქტერიული მენინგიტის ეპიდემიების აღმოფხვრა. მეორე — ვაქცინაციის გზით პრევენირებადი ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევების 50%-ით შემცირება და სიკვდილიანობის 70%-ით შემცირება. მესამე — ინვალიდობის შემცირება და მენინგიტის შემდგომი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ამჟამად ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დიდი ნაწილის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით. ვაქცინაცია რჩება დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ იარაღად.
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). მენინგიტი – როგორ დავასრულოთ ეს მომაკვდინებელი დაავადება. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/meningiti-rogor-davasruloth-es-momakvdinebeli-daavadeba/

