საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლენილ გამოწვევებსა და მათ მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს. მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა დეტალურად ისაუბრა სისტემის მიმდინარე მდგომარეობაზე, კონტროლის მექანიზმებზე და მომავალ პერსპექტივებზე.
ძირითადი გამოწვევები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ მთავარ გამოწვევად კლინიკების მხრიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნა იქცა.
„ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გამოგზავნაა. ასევე, არის პაციენტების შეცდომაში შეყვანისა და თანაგადახდის გაზრდის შემთხვევები. თუმცა, ასეთ ფაქტებზე მკაცრი და დროული რეაგირება გვაქვს”, — განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მონიტორინგი და კონტროლი
მისი განმარტებით, სამინისტროს გააჩნია მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, თუ რა სერვისებს სთავაზობენ კლინიკები პაციენტებს.
„ამ სისტემით შესაძლებლობა გვაქვს ონლაინ რეჟიმში აღმოვაჩინოთ ნებისმიერი დარღვევა. ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ კონტროლს იმ კლინიკებზე, რომელთა მხრიდანაც გარკვეული დარღვევები ან გადაცდომები ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევები თანდათან იკლებს. DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი, ზოგიერთს კი ნაწილობრივ შეეზღუდა გარკვეული სერვისების მიწოდების უფლება”, — განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
პაციენტებზე გავლენა
მინისტრის მოადგილის განმარტებით, გამოვლენილი დარღვევების გამო სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით არანაირ პრობლემას არ ქმნის.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯამში 300-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. გაძლიერებული კონტროლის პირობებში კლინიკები უფრო მოტივირებულები იქნებიან, გააუმჯობესონ ხარისხი და პაციენტს შესაბამისი სერვისი შესთავაზონ, რაც საბოლოო ჯამში გააჯანსაღებს ჯანდაცვის სექტორს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც პროექტმა 10 თვის შეჯამებისას დადებითი შეფასება მიიღო”, — განაცხადა ილია ღუდუშაურმა. განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). ძირითადი გამოწვევები, რაც DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ გვხვდება, კლინიკიდან გაზრდილი ტარიფების გა. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/dzirithadi-gamotsvevebi-rats-drg-sistemis-amoqmedebis-shemdeg-gvkhvdeba-klinikidan-gazrdili-tariphebis-ga/
