უკრაინა დათანხმდა შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, იტყობინება ABC News აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. „არის რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, – იტყობინება არხი მოლაპარაკებათა ჯგუფის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ტელეარხი ასევე წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჟენევაში ტრამპის სამშვიდობო გეგმიდან ამოიღეს პუნქტები უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობისა და ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის მხარეების ამნისტიის შესახებ.
23 ნოემბერს ჟენევაში დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე აშშ-ს, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეხვედრა „ყველაზე პროდუქტიული იყო“, მას შემდეგ, რაც ტრამპი ომის შეჩერებას ცდილობს. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დიალოგს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. FT-ს ცნობით, ჟენევაში ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა 19 პუნქტამდე შეამცირეს.
აშშ-მა და უკრაინამ შეიმუშავეს ახალი, 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება, თუმცა ყველაზე პოლიტიკურად მგრძნობიარე ელემენტები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის გადასაწყვეტად დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემნა Financial Times-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე, სერგი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვაშინგტონი მანამდე ზეწოლას ახდენდა კიევზე, რომ დათანხმებულიყო 28-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც შემუშავებული იყო აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების მიერ და კვეთდა უკრაინის რამდენიმე „წითელ ხაზს“, – წერს Financial Times-ი.
კისლიცამ, რომელიც ჟენევაში მაღალი რანგის მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრი იყო, Financial Times-ს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო „ინტენსიური“, მაგრამ „პროდუქტიული“ მცდელობა, რის შედეგადაც საფუძვლიანად გადაიხედა დოკუმენტის პროექტი და ორივე მხარეს „პოზიტიური“ განწყობა დაუტოვა.
აშშ-ისა და უკრაინის გუნდებმა რამდენიმე საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ყველაზე სადავო პუნქტები – მათ შორის ტერიტორიული საკითხები და ნატოს, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები – „ფრჩხილებში მოაქციეს“ იმ მიზნით, რომ ისინი დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტონ.
უკრაინელების თქმით, მათ „არ ჰქონდათ მანდატი“ მიეღოთ გადაწყვეტილებები ტერიტორიის შესახებ – განსაკუთრებით ტერიტორიების დათმობაზე, როგორც ეს საწყისი პროექტის გეგმაში იყო შემოთავაზებული – რაც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ეროვნულ რეფერენდუმს საჭიროებს.


