მშობლები ხშირად ათასობით ფოტოს იღებენ შვილებზე და ამ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ პროცესს შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინოს — გახდეს ადრეული დიაგნოსტიკის იარაღი. სამედიცინო სფეროს სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვების ფოტოებს, სადაც გამოყენებულია ფლეშ-განათება.
ჩვეულებრივ, ფლეშით გადაღებისას ადამიანის თვალი ფოტოზე წითლად ჩანს — ეს ნორმალური მოვლენაა. თუმცა, თუ ბავშვის თვალში წითელი ფერის ნაცვლად თეთრ ლაქას შეამჩნევთ, ეს სერიოზული სამედიცინო სიგნალი შეიძლება იყოს. ამ მოვლენას მედიცინაში ლეიკოკორეა ეწოდება და ის შეიძლება რეტინობლასტომის — თვალის ბადურის სიმსივნის — ერთ-ერთი ადრეული გამოვლინება იყოს.
რეტინობლასტომა თვალის შედარებით იშვიათი, მაგრამ სერიოზული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს აღენიშნებათ. სიმსივნე ვითარდება ბადურაზე — თვალის იმ ნაწილზე, რომელიც სინათლის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. დაავადება შეიძლება ერთ ან ორივე თვალს შეეხოს. გენეტიკური ფორმის შემთხვევაში, როგორც წესი, ორივე თვალი ზიანდება.
დაუმკურნავ შემთხვევებში სიმსივნის უჯრედები თვალის მიმდებარე ქსოვილებში, შემდეგ კი თავის ტვინსა და ხერხემალშიც ვრცელდება, რაც პაციენტის სიცოცხლეს პირდაპირ ემუქრება.
ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ფოტოზე თვალის გუგაზე თეთრ ლაქას შეამჩნევთ, ერთი თვალი სხვა მიმართულებით არის მობრუნებული, ან თვალი შეშუპებული და შეწითლებული ჩანს. ამ ნიშნებიდან რომელიმეს გამოვლენისას, დაყოვნების გარეშე ოფთალმოლოგთან კონსულტაცია სავალდებულოა.
მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი რეტინობლასტომა კარგად ემორჩილება მკურნალობას, ამიტომ დროული რეაგირება პირდაპირ განაპირობებს მკურნალობის შედეგს. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი ოჯახური ფოტო ზოგჯერ ბავშვის სიცოცხლის გადამრჩენი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თეთრი ლაქა ფოტოზე — შვილის სიცოცხლის გადამრჩენი სიგნალი. 27 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თეთრი-ლაქა-ფოტოზე-შვილი/
