ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკს მძიმე სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ქალაქი ფაქტობრივად დაბლოკა, რის გამოც ხელისუფლებამ ბანგკოკი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
ქალაქის ყველა — სულ 50 — რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დატბორილია საგზაო ქსელი და საცხოვრებელი კვარტლები. ზოგიერთ ადგილას ავტომობილები წყალში ჩაიძირა, ხოლო ქუჩებში გადაადგილება მხოლოდ წელამდე სიმაღლის წყალში ფეხით სიარულით შეიძლება.
ბანგკოკის გუბერნატორმა ჩადჩარტ სიტიპუნტმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა.
ხელისუფლება მოსახლეობის დასახმარებლად სწრაფი ზომების მიღებას ცდილობს: დაზარალებულთათვის სკოლების შენობებში დროებითი თავშესაფრები იხსნება, ასევე ორგანიზებულია საველე სამზარეულოები. მოქალაქეებს ეთხოვებათ, გადაუდებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გაუსვლელად დარჩნენ.
Reuters-ის ცნობით, სუპერმარკეტებში ხალხმრავლობაა — მოქალაქეები პირველადი საჭიროების საქონლის შეძენას ცდილობენ. მეტეოროლოგების პროგნოზი კი ოპტიმიზმს არ იძლევა: უახლოეს დღეებში ჭექა-ქუხილი და შემდეგი კვირის განმავლობაში გაგრძელებული წვიმებია მოსალოდნელი, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ტაილანდი კრიზისში: ბანგკოკი წყალდიდობის გამო საგანგებო ზონად გამოცხადდა. 26 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ტაილანდი-კრიზისში-ბანგკ/
