ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და მეტაბოლური დაავადებების განვითარების ნიშნები ზოგჯერ უკვე პატარა ასაკის ბავშვებში ვლინდება — კონკრეტულად, 8 წლიდანვე. ეს აღმოჩენა ფუნდამენტური შეიძლება აღმოჩნდეს პრევენციული მედიცინისთვის.
ტეხასის უნივერსიტეტის ჰიუსტონის სამედიცინო ცენტრის კვლევითი ჯგუფი წლების განმავლობაში იკვლევდა ბავშვთა სისხლის შემადგენლობას. 273 ბავშვის სისხლში დაახლოებით 5 000 სხვადასხვა ცილა გაანალიზეს და გამოყვეს ექვსი დამახასიათებელი ცილოვანი პროფილი, რომლებიც მეტყველებდა ქრონიკული დაავადებების მომავალ რისკებზე.
საინტერესოა, რომ ანალოგიური ცილოვანი ნიშნები ამავე კვლევის ფარგლებში 685 ზრდასრულ ადამიანშიც გამოვლინდა — სწორედ იმ ადამიანებში, ვისთვისაც გულ-სისხლძარღვთა და სხვა სერიოზული გართულებების განვითარების ალბათობა მაღალი იყო. შედეგების გადამოწმება კი დამატებით განხორციელდა დიდი ბრიტანეთის UK Biobank-ის ბაზაში, სადაც 28 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემი ინახება. ამ ანალიზმაც დაადასტურა — მსგავსი ცილოვანი პროფილის მქონე ადამიანებს ინფარქტი ნამდვილად უფრო ხშირად ემართებათ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დასკვნაა: ამ ცვლილებების დიდი ნაწილი შექცევადია. კვლევამ აჩვენა, რომ GLP-1 ჯგუფის პრეპარატების მიმღებ ზრდასრულებში სახიფათო ცილოვანი პროფილი გაუმჯობესდა. ეს კი ბავშვებისთვის განსაკუთრებული სიგნალია — ადრეული გამოვლენა შესაძლებელს გახდის სამედიცინო ჩარევას დაავადების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე.
კვლევა გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა. ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ნამუშევარი გახდება საფუძველი ბავშვთა სკრინინგის ახალი სტანდარტებისთვის. დღეისათვის ასეთი ცილოვანი ანალიზი ბავშვთა რუტინულ გამოკვლევებში არ შედის, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). 8 წლის ბავშვებს უკვე შეიძლება ემუქრებოდეთ გულის შეტევა — მეცნიერებმა ახალი გზა აღმოაჩინეს. 12 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/8-წლის-ბავშვებს-უკვე-შეიძლ/

