აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა და პროკურორის განცხადებით, მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს. გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, “მეთადონი” მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6,27 გრამი “მეთადონი” ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული.
რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა გამომშრალ მარიხუანას.
