ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს:
„ბავშვი სტერილურ გარემოში კი არა, სიცოცხლეში უნდა გაიზარდოს…
ბავშვის იმუნური სისტემა დაბადების შემდეგ ყოველდღიურად სწავლობს. ის სწავლობს გარემოსთან ურთიერთობას -ჰაერთან, ნიადაგთან, მცენარეებთან, შინაურ ცხოველებთან, სხვა ბავშვებთან და მრავალფეროვან მიკროორგანიზმებთან. სწორედ ეს ბუნებრივი “გაკვეთილები” ეხმარება იმუნიტეტს სწორად ჩამოყალიბებაში.
ზედმეტად სტერილურმა გარემომ შესაძლოა იმუნურ სისტემას ეს შესაძლებლობა შეუზღუდოს. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც ზომიერად კონტაქტობენ გარემოსთან, ხშირად უკეთ უყალიბდებათ იმუნური ტოლერანტობა, ნაკლებია ალერგიული დაავადებებისა და ზოგიერთი აუტოიმუნური მდგომარეობის განვითარების რისკი. გარდა ამისა, ბუნებასთან ურთიერთობა დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომზე, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ჰიგიენის უგულებელყოფას. ხელების დაბანა ჭამის წინ, ტუალეტის შემდეგ, ჭრილობის სათანადო მოვლა და უსაფრთხო საკვები აუცილებელია. მაგრამ ბავშვის ყოველი შეხების, ყოველი მიწის მარცვლისა თუ ყოველი ბალახის ღერისგან დაცვა არც საჭიროა და არც სასარგებლო.
მიეცით ბავშვებს უფლება ითამაშონ ეზოში, ირბინონ ბალახზე, შეეხონ ბუნებას, აღმოაჩინონ სამყარო. სწორედ ასე იზრდება არა მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტი, არამედ უფრო თავდაჯერებული, ბედნიერი და გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი. სისუფთავე ჯანმრთელობის ნაწილია, მაგრამ სტერილურობა-არა. იმუნიტეტს განვითარებისთვის სჭირდება არა იზოლაცია, არამედ გონივრული ნაცნობობა სამყაროსთან“ – წერს პედიატრი


