თბილისის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, არსებული დავალიანება დროულად დაფარონ.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვები გაუქმდება და მათი აღდგენა აღარ იქნება შესაძლებელი.
კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ. მიუხედავად ამისა, მერიის ინფორმაციით, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს და არ იხდის ნებართვის გაცემის საფასურს.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ პირებს დავალიანებასთან ერთად ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი თანხა. კალაძის განცხადებით, ნებართვის მფლობელებს ინფორმაციას ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით აწვდიან.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, აუცილებლად დაფარონ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ნებართვების გაუქმება, რაც შემდეგ აღარ აღდგება“, — განაცხადა კალაძემ.
მერიის ცნობით, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის საფასური 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ გადაიხადეს. უწყების განმარტებით, მათ პერიოდულად ეგზავნებათ წერილობითი გაფრთხილებები და ინფორმაცია ტელეფონითაც მიეწოდებათ.
თუ ნებართვის მფლობელი საფასურს არ გადაიხდის, მას თავდაპირველად 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 300 ლარს შეადგენს, ხოლო შემდგომ ეტაპზე 900 ლარამდე იზრდება. ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირს საურავი დაეკისრება, რომელიც გამოწერილი ჯარიმის ორმაგ ოდენობას შეადგენს.


