უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა ბოლნისში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შესახებ წერს.
“ბოლნისში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის კიდევ ერთი შემზარავი დეტალი გახდა ცნობილი. 8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა დიდი რაოდენობით წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა.
პატარა ცდილობდა მის გადარჩენას, უყვიროდა, ბებიას ეძახდა: დედა თავს კლავსო. ამ მძიმე წუთებში დედამ, რომელიც, როგორც ჩანს, უმძიმეს ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა, ბავშვს გულ-მკერდის არეში მაკრატლით დაარტყა.
წარმოუდგენელია ამ ტრაგედიის სიმძიმე. ალბათ, როცა ეს ქალი გონზე მოვა და გააცნობიერებს, რა ჩაიდინა, ამ ტვირთთან ცხოვრება თითქმის შეუძლებელი იქნება…ეს 8 წლის ბიჭი ოჯახში უფროსი იყო. შემთხვევის ადგილზე კიდევ ორი პატარა და-ძმაც იმყოფებოდა”, – წერს სამირა ბაირამოვა.
42 წლის ქალმა მცირეწლოვანი ვაჟი მოკლა შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული 7 წლის ბიჭი ფარუხ ახმედოვია, ხოლო უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვა. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.
“ფარუხ ჩვენო საოცარო! ტირის შენი სკოლა!” – წერია სამძიმრის წერილში, რომელსაც ის სკოლა ავრცელებს, სადაც მოკლული პატარა სწავლობდა.


