მე-12 კლასელები წელს პირველად პროფესიულ სერტიფიკატსაც მიიღებენ
საქართველოს საჯარო სკოლებში წელს მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება — მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სკოლის ატესტატთან ერთად კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მიიღებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, პროფესიული განათლების განვითარება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლებში ინტეგრირებული სწავლების მოდელის დანერგვა, რომელიც ორი წლის წინ მე-11 და მე-12 კლასებისთვის ამოქმედდა.
გივი მიქანაძის განცხადებით, რამდენიმე კვირაში ასობით მოსწავლე ატესტატთან ერთად პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტსაც მიიღებს. პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი სკოლაა ჩართული.
მინისტრის თქმით, მიღებული კვალიფიკაცია ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლის დასრულებისთანავე დასაქმდნენ ან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა დაიწყონ. მისი შეფასებით, ეს მოდელი ხელს უწყობს ახალგაზრდების სწრაფ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
ინტეგრირებული პროფესიული სწავლების პროგრამა საჯარო სკოლებში 2024 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროექტი მაშინდელი განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით დაიწყო და თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში 20 სკოლაში დაინერგა.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ზოგად განათლებასთან ერთად პროფესიული მიმართულებითაც მიეღოთ ცოდნა და სკოლის დასრულების შემდეგ ერთდროულად ჰქონოდათ როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ისე პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი.


