ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული კრების დასასრულს
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო!
ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც.
უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის, რომელიც მოიღო ჩემს უღირსებაზე.
მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, ღირს მამა შიოს მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს – წმინდა ღირს ალექსი სენაკელს (შუშანიას) და სხვა ჩვენს სასიქადულო მოღვაწეებს, დიდ წმინდანებს, შემწეობისა და მფარველობისთვის.
მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის, თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართვისათვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს.
განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისათვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის.
დიდი მადლია და წყალობა ღვთისა. ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლისა და მსახურების მოცემა და დაკისრება ჩემზე. გაცნობიერებული მაქვს, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი, მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება.
ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს, ჩვენს წინამორბედ კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვას, ასევე, ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს.
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის! ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულითა და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.
მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი. ტრადიციის მიხედვით, თუ გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას ემთხვევა დიდი დღესასწაული, კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე უნდა იმსახუროს. ასეთი უახლოესი დღესასწაული გახლავთ ხვალ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ, სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.
ახლა კი ვილოცოთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის.
შევასრულოთ სამადლობელი ლოცვა.
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
11 მაისი, 2026 წელი
ფოტო: ნინო სოზაშვილი
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით 11 მაისს არჩიეს.
შიო III საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად 12 მაისს აღსაყდრდა.


