სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს.
სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს უძილაურის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.
„ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი“, – აღნიშნავს უწყება.
ამას წინ უძღოდა ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადება. მან გააფრთხილა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში“. მდინარაძემ სთხოვა მათ, რასაც „ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.
მეძლევა საშუალება, რომ გავაფრთხილო, მათ შორის ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.
„ჩვენი მეგობარი, თუ პარტნიორი ქვეყნები გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში, მათი ე.წ. რეზიდენტი პირები. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ.
მე მგონი, ყველასთვის გასაგები იქნება, თავად უკეთ იციან, არანაკლებად ჩვენზე, რა საქმიანობა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ასევე მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით. ჩვენ ასევე ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს. ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, რაც გავაკეთეთ უკვე საკმარისი უნდა იყოს. ამისი თქმის ძალა, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, შესაბამისი უწყებების სწორი და ძლიერი მუშაობის წყალობით და შესაბამისი სამართალდამცველების წყალობით, საბედნიეროდ, აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ სთხოვა უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს.
შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს, ერთ ადამიანსაც, რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მოხდება საქმის ნაწილის განსაიდუმლოება, გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი.
„რეალური კონტრდაზვერვითი სამუშაოები უკვე ათწლეულებია ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა. 2005-2006 წლებში იყო რამდენიმე დაკავება და ისიც მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით, რაც საპიაროდ კარგად გამოდგებოდა მაშინ, დღესაც შეიძლება, საპიაროდ კარგი იყოს, მაგრამ ჩვენ პიარზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებზე და შემდეგ პროპაგანდა გასაგებია. შემდეგ გახსოვთ ერთი-ორი შემთხვევა, რომელიც მხოლოდ საჩვენებელი ხასიათის იყო და იყო დაბრალებებიც უამრავი. ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ჯაშუში არ დაკავებულა. გახსოვთ სუს-ის ბრიფინგი, რომელიც ლაშა მაღრაძემ გამართა, სადაც იყო პირველი მინიშნება, კონტრდაზვერვის სამუშაოების შედეგად, სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე კონკრეტული პირი. ეს მინიშნება სწორად ვერ გაიგეს. შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და პასუხისგებაში მიცემული ორი კონკრეტული ადამიანი. ძალიან საინტერესო ადამიანები. შემდეგ იყო ევროპის, ოდნავ დავაკონკრეტებ და შემდეგ ამაზე აღარავინ არაფერს იტყვის, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი.
ჩვენ დღენახევარია იმასაც ვხედავთ, რომ ეჭვის შეტანას ცდილობენ ამ საკითხშიც კი. რადგან ასე დააყენეს საკითხი, მე შემიძლია ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს. ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს, ეს სამი ნაწილი, ინფორმაციას რას გადასცემდა და ამ ნაწილებს ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში. მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი, მოხდება ფულის გადაცემის ნაწილი და ხელმოწერის ნაწილი გასაჯაროვდება. ამის იქით, განსაიდუმლოებაც ვერ მოხდება და შეუძლებელია, სხვა ნაწილი გამოქვეყნდეს. ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს აქ სპეკულირების საშუალება, სივრცე არ დარჩეს, ამის გამო ჩემი მხრიდან თხოვნა იქნება და უახლოეს საათებში იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს.
ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია, რეალიზებაში მოვიყვანოთ და შესაბამისი მინიშნებები, საპროცესო-სამართლებრივი მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, მაგრამ ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ რასაც არ ვკადრულობთ სხვაგან, ჩვენთან ნუ იკადრებენ ეს თხოვნა მექნება ყველასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.


