“სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ,” – ასე ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის სოციალურ ქსელში პლასტიკური ქირურგის ციცინო შურღაიას „ტვ პირველის“ რუბრიკაში „სახლი“ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან უამრავ საკითხთან ერთად წონაზეც და ფორმის შენარჩუნებაზეც ისაუბრა.
“ღმერთო ჩემო, ნეტა ამის მთქმელი შეიძლება იყოს ინტელექტუალი?”- ინგა მამუჩიშვილი, პედიატრი.
“აი, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ფაშიზმს მწვანე შუქს უნთებენ: ყველა დონეზე, ყველაფერში, სისულელეშიც კი მჟღავნდება ფაშიზმი. ბებიაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა – თევზი თავიდან ყარსო. ამასობაში კი, სამწუხაროდ, თავიდან ფეხებამდე აყროლდა ქვეყანა, გაყავისფრდა” – ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი.
“მართლა გასაოცარია! ხუმრობა მეგონა, ექიმისგან განსაკუთრებით მიუღებელია” – ნუცა ზურაბიანი, ორთოდონტი
“რა არის მაინც სისულელე; როგორც არ უნდა დამარხო, მაინც ამოხეთქავს სადღაც” – ზურაბ გურული, ქირურგი, რეანიმატოლოგი
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, საოცარ ფორმაში ხართ, მაინტერესებს სპეციალური რაციონით იკვებებით – ციცინო შურღაიამ უპასუხა:
„წლებია არ ვჭამ, შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე, არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი – შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება. სადაც გლუტენია საერთოდ არ უნდა ჭამო, ძალიან რთულია, მაგრამ ასე უცბად არ ჭამო, ესეც რთულია. წლები სჭირდება იმას, რომ ბოლოს და ბოლოს შეგძულდეს. ნამცხვარს არ შევჭამ არასოდეს ალბათ, ნაყინს არ შევჭამ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის ჩემი ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. როდესაც 71 კილო ვიყავი, მითხრეს რომ ღვიძლი გაცხიმოვნებული გაქვს, ერთი გრამიც რომ მოიმატო უკვე შენი საქმე არ იქნება კარგადო. იმის მერე დავიწყე. დაკლება რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ისეთი ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვანს)“ – ამბობს შურღაია.


