პოლიტოლოგისა და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსის ირაკლი ყიფიანის ღია წერილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ პაველ ჰერჩინსკის:
„ღია წერილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ პაველ ჰერჩინსკის
უცხოელი დიპლომატებისთვის საჯარო პასუხების გაცემა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა. წარსულში თქვენი არაერთი კოლეგის უხეში გადაცდომის, პირდაპირი მითითებებისა და დიქტატის მოგერიება მომიწია, ახლა კი თქვენი ჯერიც დადგა.
თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებშიც საქართველოს მომავალს განიხილავთ და ქართველ ხალხს „სამოქალაქო ომის, სიღარიბისა და კორუფციის ბნელ დროში“ დაბრუნებით აფრთხილებთ, მოითხოვს პასუხს სახელმწიფოებრივი, პოლიტოლოგიური და ისტორიული პერსპექტივიდან. ის, რასაც საჯაროდ ვითომდა კეთილმოსურნე დიპლომატიურ რჩევად ასაღებთ (მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მშვენივრად უწყით შეფარული მუქარისა და შანტაჟის რეალური არსი), ფილოსოფიური და პოლიტიკური ანალიზის შუქზე პირდაპირ წარმოადგენს ნეოკოლონიური სინდრომის კლასიკურ გამოვლინებას და სუვერენული სახელმწიფოს მიზანმიმართულ შეურაცხყოფას.
საუბრობთ „შესანიშნავ, თბილ და სტუმართმოყვარე“ ქართველ ხალხზე. დიპლომატიაში კარგად არის ცნობილი ზედამხედველური მიდგომები, როდესაც უძველესი სახელმწიფოებრიობის მქონე პოლიტიკურ ერს აკნინებენ ეგზოტიკურ მასამდე, რომელსაც თურმე გარედან სჭირდება მენტორი და მხსნელი, რათა საკუთარი თავი არ გაინადგუროს. ჩვენი ქვეყნის აღქმა ეგზოტიკურ ტურისტულ ბანაკად, სადაც მხოლოდ კარგ ღვინოს ასხამენ, უკიდურესი პოლიტიკური სიბეცეა. საქართველო რეგიონის უმთავრესი სტრატეგიული ღერძია 3000-წლიანი სახელმწიფოებრივი ტრადიციით. ჩვენი ევროპულობა ონტოლოგიური მოცემულობაა, რომელიც ეფუძნება ანტიკურ და ქრისტიანულ ფესვებს და ყოველგვარ ბიუროკრატიულ დირექტივებზე მაღლა დგას.
მტკიცება, რომ მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ავტომატურად სამოქალაქო ომსა და სიღარიბეში დაბრუნდება, ფსიქოლოგიურ ტერორს წარმოადგენს. თქვენი მცდელობა, იმოქმედოთ შანტაჟითა და შიშზე აპელირებით, ავლენს სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბრის არგუმენტირებული ენის უცოდინრობას. ემუქრებით ერს, რომელმაც 90-იანი წლების ტრაგედია სწორედ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო გამოიარა. ისტორიული ტრაგედიების შეხსენებით მანიპულირება უფრო მეტად საკუთარი უძლურების აღიარებაა, ვიდრე რამე სახის ძალის დემონსტრირება. ხსენებული იარების დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ულტიმატუმის ინსტრუმენტად ქცევა ვენის კონვენციით დადგენილ დიპლომატიურ ჩარჩოებს სცდება.
მკაფიოდ უნდა ითქვას მთავარი რამ: ქართველები სრულიად განსხვავებული მენტალობის, უძველესი პოლიტიკური კულტურის მატარებელი ხალხი ვართ და ჩვენს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. უძველესი სახელმწიფოებრიობის მქონე ერის ეგზოტიკურ მასამდე დაყვანა და მისთვის მენტორის პოზიციიდან ჭკუის სწავლება წარსულს ჩაბარებული იმპერიული კომპლექსების პირდაპირი გამოძახილია. თითის ქნევით საუბარი შეგიძლიათ იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც სახელმწიფოებრიობის ტრადიცია ახლა იდგამს ფესვებს, ჩვენთან კი, სადაც პოლიტიკური კულტურა ათასწლეულებს ითვლის, მსგავსი ტონი დაუშვებელია. საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებულ ნებისმიერ უთანხმოებას თუ პრობლემას თავად მოვაგვარებთ და შიდა კონსენსუსს დამოუკიდებლად მივაღწევთ გარედან კარნახის გარეშე.
აცხადებთ, რომ საქართველო გზაგასაყარზეა. მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი მართლაც იცვლება და რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება უპრეცედენტო სიმწიფეს აჩვენებს. ვირჩევთ ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას მხოლოდ ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებით. ევროპული ოჯახი ფუნდამენტური იდეით თანასწორთა კავშირია და გამორიცხავს მეტროპოლიისა და პროვინციის ურთიერთობას. როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა მორჩილების მოთხოვნით ნაცვლდება, იქ დემოკრატია სრულდება. უაღრესად საინტერესოა, რომ ევროპის სახელით საუბრისას იყენებთ სწორედ იმ რიტორიკას, რომელსაც თავად ევროპა გაცხადებულად ებრძვის.
ბატონო ჰერჩინსკი, დიპლომატიის ხელოვნება ხიდების შენებას გულისხმობს და კრძალავს აპოკალიფსური წინასწარმეტყველებებით მუქარას. ქართველმა ერმა მშვენივრად იცის საკუთარი ფასიც და ისტორიული გზაც. გარედან კარნახის, დირექტივებისა და შეფარული მუქარის ენა ჩვენთან არ მუშაობს. დროა, შეცვალოთ ტონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული იდეის მთავარი დამაზიანებელი ქართული საზოგადოების თვალში სწორედ თქვენი უხეში რიტორიკა აღმოჩნდება. ვირჩევთ მშვიდობას, განვითარებას და ღირსებით სიარულს წინ. ვრჩებით ჩვენს პოზიციებზე ნებისმიერი გარე წნეხის მიუხედავად.“
ირაკლი ყიფიანი
23.04.2026


