პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება...

„ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს, და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით“-საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის დღეს
ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს, და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით.
ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსდგა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით.
მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით – ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა.
ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა. ჩვენ ვართ იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი, ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული; როდესაც საქართველოს ყველა მოქმედი სასულიერო პირი მისი ლოცვა-კურთხევით არის ხელდასხმული და საქართველოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა – მისი ლოცვა-კურთხევით მონათული. ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი.
უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა.
და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა.
მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი.
დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის –
თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა. უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე – სიყვარულზე.
ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა – შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც.
მან შეძლო შეუძლებელი – როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი.
დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ.
სწორედ ეს იყო მისი მთავარი ოცნება, ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი. მან ეს შეძლო. და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე – პირნათელი და მადლმოსილი.
ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს.
მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება.
ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ.
ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი.
“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი”.
საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!
მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!
⛪️ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
22 მარტი, 2026 წელი
  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისანში გაზის მიწოდება შეწყდება — რომელ ქუჩებზე ვრცელდება შეზღუდვა
წინა პოსტი
შემდეგი პოსტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი