საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობაში ცვლილებები შევიდა.
თუ აქამდე ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრული რაოდენობა 21 300 ადგილი იყო, განახლებული მაჩვენებელი 21 574-ია.
მაგისტრატურის პროგრამებზე მისაღები ადგილები კი 3 233-დან 3 335-მდე გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობიდან გამონაკლისი დაიშვება:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებითა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული პირებისათვის;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში და რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;
გ) საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და რომლებსაც უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ;
დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც უფლება აქვთ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ, სწავლა განაგრძონ საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;
ე) საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომლებიც 2025-2026 სასწავლო წელს ამავე პროგრამის დასრულების შემდგომ, სწავლას განაგრძობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.


