სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიალერგია და ჰაერის დაბინძურება – რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10...

ალერგია და ჰაერის დაბინძურება – რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10 ? როგორ იწვევს PM2.5 და PM10 ნაწილაკები ალერგიას?

ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს:

ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ რა საშიშროებებს შეიცავს დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. აქ ფოკუსს გავაკეთებ კონკრეტულად ალერგიაზე, რომლის გამოვლინებაც შეიძლება გრძელდებოდეს დაბინძურების დონის შემცირების შემდეგაც.
რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10 ?
PM ნიშნავს ნაწილაკოვან მასას (Particulate Matter) ანუ ჰაერში შეწონილ მცირე ზომის ნაწილაკებს, PM2.5 აღნიშნავს ძლიერ მცირე ზომის ნაწილაკებს, რომლებიც ღრმად ჩადის სასუნთქ გზებში (ფილტვებში), ხოლო PM10 აღნიშნავს შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებს (მტვერი, კვამლი, მიწის ნაწილაკები და მსგავსი), რომლებიც უპირატესად ზემო სასუნთქ გზებში რჩება.
როგორ იწვევს PM2.5 და PM10 ნაწილაკები ალერგიას?
ჰაერში შეწონილი ნაწილაკები უშუალოდ არ „იწვევს“ ადამიანის ორგანიზმში ალერგიას ან ინფექციას, მაგრამ ის განაპირობებს თვალის, ცხვირის, ფილტვებისა და კანის გაღიზიანებასა და ანთებითი პროცესის განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს კანისა და ლორწოვანის მგრძნობელობის მომატებას ისეთი ალერგენების მიმართ, როგორებიცაა მცენარეული მტვერი, ოთახის მტვერი, ნესტის სოკოები, ცხოველთა ბეწვი და ა.შ. ამის შედეგად ხშირდება და მძიმდება ისეთი დაავადებების გამოვლინებები, როგორებიცაა ალერგიული რინიტი (სურდო), ასთმა (ალერგიული ბრონქიტი), ატოპური დერმატიტი (ეგზემა) და კანის სხვა ალერგიული გამოვლინებები.
დაბინძურებული ჰაერის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ბავშვებში და გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ზრდასრულებშიც იზრდება ალერგიული დაავადებების, მათ შორის ასთმის, ახლად ჩამოყალიბების რისკი
რა სიმპტომები შეინიშნება ჰაერის მაღალი დაბინძურების დროს ?
• ცემინება, ცხვირის გაჭედვა ან/და სურდო, ცხვირის და თვალის ქავილი
• გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი ხველა, სუნთქვის გაძნელება
• ხახის ტკივილის ან „ჩახეხვის“ შეგრძნება
• კანის სიწითლე, ქავილი, სიმშრალე, არსებული ეგზემის გამწვავება
• თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება
• ასთმის ან რინიტის სამკურნალო შესასუნთქი პრეპარატების უფრო ხშირი გამოყენების საჭიროება
როდის მივმართოთ ექიმს?
• თუ ალერგიის (მათ შორის ასთმის) სიმპტომები ხშირდება და მძიმდება
• თუ უფრო ხშირად გჭირდებათ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების (მათ შორის საინჰალაციო საშუალებების) გამოყენება
• თუ გაქვთ ხშირი ან/და გახანგრძლივებული ხველა და სუნთქვის გაძნელება
• თუ გაქვთ კანზე გამონაყარი, რომელიც ძლიერ გექავებათ, მტკივნეულია ან ინფიცირებულია
როდის მივმართოთ სასწრაფო დახმარებას?
• თუ გაქვთ სუნთქვის ძლიერი შეზღუდვა, გიძნელდებათ ლაპარაკი ან გაქვთ გულმკერდის არეში ტკივილის (მოძრაობის შეზღუდვის) შეგრძნება
• თუ თქვენს მიერ გამოყენებული საინჰალაციო საშუალებები არ აუმჯობესებს სუნთქვას
• თუ აგეღნიშნებათ სახის ან ტუჩების გალურჯება“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი