ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერი: საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული,...

პრემიერი: საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე – საქართველოს არაკეთილმოსურნეების ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სიცრუეზეა აგებული

საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16,000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, მთლიანად სიცრუეზეა აგებული ის ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ამ უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს.

„ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მასშტაბის სტიმულირება სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ეკონომიკური თვალსაზრისით, მით უფრო რთულია მისი დამოუკიდებლობის შერყევა.

სწორედ ამას უკავშირდება ის სიცრუეზე აგებული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა და მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ამ უპრეცედენტო და უნაკლო საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს. მათი კამპანიის თითოეული პუნქტი ყალბია და მთლიანად სიცრუეზეა აგებული. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს „არაბიზაცია“. ამ თეზისს სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები, სამწუხაროდ, დამაჯერებლად აღიქვა.

წუხილი შესაძლო მიგრაციასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია და ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია, „არაბიზაციის“ მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუზიარო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16 000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60 პროცენტიც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9 600 ბინა გაიყიდება, როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინა შეიძინეს, ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის.

ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. „იგლ ჰილსის“ ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ბინების 60 პროცენტის გაყიდვას საერთაშორისო მყიდველებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ „იგლ ჰილსის“ საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართველ მყიდველსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართველი მყიდველების რაოდენობა 50 პროცენტს ბევრად გადააჭარბებს“, – განაცხადა პრემიერმა.

  რეტრო სტილის ინტერიერი სამზარეულოში

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი