საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში, 6 თვის ვადით გაწვეული წვევამდელების სწავლება გაიმართა. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, წვევამდელებმა სამთო მომზადების საბაზისო სწავლება გაიარეს.
სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით ისინი სამთო აღჭურვილობას, მოხმარების წესებს და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სასწავლო უბნებზე წვევამდელებმა ხელოვნურ კლდეზე ცოცვა, სიმაღლიდან დაშვება და საბაზისო კვანძების გამოყენება წარმატებით შეასრულეს.
მე-4 ქვეითი ბრიგადის, 43-ე ქვეითი ბატალიონის წვევამდელები, აღმოსავლეთ სარდლობის შემადგენლობაში 6 თვის მანძილზე ყოველდღიურად მსახურობენ. საბრძოლო ქვედანაყოფში მათ გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეები ამზადებენ.


