არქეოლოგებმა აზიაში, კერძოდ ჩილეში, ვიეტნამსა და ინდონეზიაში ადამიანთა მუმიფიცირებული ნაშთები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი დაახლოებით 14 ათასი წელია. CNN-ის ცნობით, ეს აღმოჩენა მსგავსი პროცედურის ყველაზე ადრეული მტკიცებულებაა.
მუმიფიკაცია სხვადასხვა ხალხის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა მეთოდით ხდებოდა, მათ შორის, გაცხელებით, ბალზამირებით, სუბლიმირებული გამოშრობითა და ა.შ. ერთ-ერთი მეთოდი იყო კვამლი. აღმოჩენილ ჩონჩხებზე მეცნიერებმა ნახშირწყალბადის კვალი შენიშნეს, რაც დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივ ზემოქმედებაზე მიუთითებს, რამაც სხეულის გამოშრობა და შენარჩუნება გამოიწვია.
მიცვალებულის კვამლით გამოშრობა ისტორიულად ცნობილი მეთოდია ავსტრალიის ზოგიერთი ძირძველი ხალხისთვის, ასევე დღემდე გამოიყენება პაპუა-ახალი გვინეის მცხოვრებლების მიერ. აზიაში ნაპოვნი ჩონჩხების და თანამედროვე მუმიების პოზების მსგავსებამ მეცნიერებში მოსაზრება გააჩინა, რომ შესაძლოა ისინი ერთი და იგივე მეთოდით იყვნენ დაკრძალულნი.
ვინაიდან ძვლები მხოლოდ ნაწილობრივ იყო დამწვარი, მეცნიერებმა კრემაციის მცდელობის შედეგად მათი დამწვრობის შესაძლებლობა გამორიცხეს. ცხედრები ისე მჭიდროდ იყო მოთავსებული, რომ რბილი ქსოვილების უმეტესი ნაწილი, სავარაუდოდ, დაკრძალვის მომენტისთვის უკვე გამქრალი იყო.
მანამდე მუმიფიკაციის ყველაზე ადრეული მაგალითები ჩრდილოეთ ჩილეში, ჩინჩოროს კულტურაში, იყო აღმოჩენილი რომლის ასაკი დაახლოებით 7 ათასი წელია, და ძველ ეგვიპტეში (4,5 ათასი წელი). „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის აღმოჩენები მუმიფიკაციის, როგორც მიცვალებულის სხეულის შენარჩუნების მეთოდის, გამოყენების ისტორიას ათასობით წლით უკან სწევს“, – აღნიშნა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა სიაო-ჩუნ ჰუნგმა.


