საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს.
ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.

2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მეოთხე პრემოლარი აღმოაჩინა.
ოროზმანის აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს.
სოფელ ქვემო ოროზმანში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიწის, მთების, გზებისა თუ უგზოობის გავლის შემდეგ, გზისპირას ერთ უჩვეულო და გადახურულ ადგილს შეხვდებით. ეს ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლია, რომლის შესწავლაც ჯერ სულ რაღაც 20 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. აქ გათხრები 2021 წელს დაიწყო. თუმცა, ამ მიწის ძალიან მცირე მონაკვეთზე და ასევე, დროის მოკლე მონაკვეთში აქ უკვე აღმოჩენილია ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარღები და არაერთი გადაშენებული სახეობის ნაშთი. მათ შორის, ხმალკბილა ვეფხვის, ეტრუსკული მგლის, დმანისიბოსის (დიდი ხარი), ანტილოპის, სპილოს, აფთრის, ირმის და სხვათა ბიოლოგიური ნიმუშები. 2022 წლის გათხრებმა კი ამ ჩამონათვალს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შესძინა — თვით უძველესი ადამიანის ნაშთი.
ეს ფუფუნებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ამ თარიღის ძეგლს არ აქვს… როგორც ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, გიორგი ბიძინაშვილი მიყვება, ოროზმანის ძეგლი ჰექტრებზე შეიძლება იყოს გადაჭიმული, მიწის ის პატარა მონაკვეთი კი, რომელზეც ამჟამად გათხრები მიმდინარეობს, გვიქმნის წარმოდგენას ძეგლის უდიდესი პოტენციალის შესახებ. და დიახ, ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა თუ შეგვიძლია იმის, თუ რა გველოდება ოროზმანის მიწაში, უფრო ღრმად და უფრო ფართოდ.