25 ივნისიდან როგორც დასავლეთ, ასე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. ქარებიც შესუსტდება და ტემპერატურაც მოიმატებს. 25 ივნისიდან 28 ივნისამდე დაახლოებით 30-31 გრადუსი იქნება.
საერთოდ ივნისი ზაფხულის სეზონისთვის ყველაზე გრილი თვეა. არაფერი უჩვეულო არ ხდება. ჩვეულებრივ, კლიმატურადაც 21-22 გრადუსია ივნისისთვის საშუალო ტემპერატურა. მაშინ როცა ივლისის და აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 24-25 გრადუსია.
გარკვეულწილად კლიმატის ცვლილებებს აქვს გავლენა საქართველოზეც, მაგალითად წინა 30 წელს თუ შევადარებთ გაზაფხულზე აგრილების ტენდენცია უფრო შეინიშნება, ხოლო ზაფხული, პირიქით უფრო ცხელია წინა 30 წელთან შედარებით. ივლის-აგვისტოში მაქსიმალური ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება ბოლო წლებში უფრო გახშირებულია.
ადრე თუ იყო ცხელი პერიოდი ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, ამ ცხელმა პერიოდმა უფრო აგვისტოს თვეში გადაინაცვლა. აგვისტოს შუა რიცხვებიდან აგრილება იწყებოდა, ამ ბოლო წლებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ზუსტად აგვისტოს ბოლოსკენ უფრო ფიქსირდება ძალიან მაღალი ტემპერატურა. ამ მხრივ ცვლილება ნამდვილად არის, მაგრამ ეს სიგრილე ივნისისთვის არ არის უჩვეულო.