ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სტატუსი გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებიც ამის თხოვნით მიმართავენ.
ამ დროისთვის, მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე სთხოვეს საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.
ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაციები.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
მანამდე ესპანეთსა და პორტუგალიაში დენის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. დენის მასშტაბურმა გათიშვამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება და დიდი საცობები გამოიწვია.
ესპანეთსა და პორტუგალიაში დენის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დენის მასშტაბურმა გათიშვამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება და დიდი საცობები გამოიწვია. ესპანეთსა და პორტუგალიაში არ მუშაობენ აეროპორტები, რის გამოც ასეულობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
ელექტროენერგია საფრანგეთის ნაწილსაც გაეთიშა, რომელიც ესპანეთს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. სააგენტოს ინფორმაციით, ესპანეთმა და პორტუგალიამ მთავრობების საგანგებო სხდომა ჩანიშნეს.
დენის გათიშვის გამო მუშაობა მადრიდის მეტროპოლიტენმაც შეწყვიტა. სამაშველო სამსახურებს მგზავრების გამოყვანა მიწისქვეშა გვირაბებიდან უწევთ. ქუჩებში გათიშულია შუქნიშნები.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ზოგი გამოცემა არ გამორიცხავს, რომ დენის გათიშვის მიზეზი კიბერშეტევა იყოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს.
პორტუგალიის ოპერატორმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მომხდარი ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო ესპანეთის ელექტროქსელში არსებული ხარვეზით, რომელიც დაკავშირებული იყო იშვიათ ატმოსფერულ მოვლენასთან.