აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვერცხია. მომხმარებელი ცდილობს თადარიგი დაიჭიროს და კვერცხი წითელ პარასკევამდე შეიძინოს. ,,პატარძეულის“ დირექტორი ოთარ მუჩიაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ წლის ამ პერიოდში დაახლოებით მილიონ ნახევარ კვერცხს ყიდიან. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის ფასი 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს.

 

,,ყოველწლიურად სააღდგომოდ დაახლოებით მილიონ ნახევარი კვერცხი იყიდება. ეს მხოლოდ სააღდგომო დღეებში იყიდება. უკვე მოიმარაგა მომხმარებელმა. ნაშთები არ გვაქვს. დროულად ვაწვდით პროდუქციას ბაზარს და ასე გავაგრძელებთ. კვერცხის ფასი 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს. დამოკიდებულია კატეგორიაზე.’’- აცხადებს ოთარ მუჩიაშვილი

 

კვერცხის მწარმოებელ კომპანიაში პროდუქტზე ფასის მატებას არ გამორიცხავენ, თუმცა კონკრეტულ თარიღს, როდიდან მოუწევს მომხმარებელს გაზრდილი ფასის გადახდა ვერ ასახელებენ. ,,პატარძეულის“ დირექტორი განმარტავს, რომ ერთი კვერცხი ფასი 1-2 თეთრით მოიმატებს. ცვლილება სიმინდის გაძვირებას უკავშირდება. ერთი კილოგრამი მარცვლეულის ფასი 10 თეთრით გაძვირდა.

 

,,საკვები ძალიან გაძვირებულია. ერთი კგ. სიმინდი დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. ფასი დაახლოებით 1,5 ლარია კილოზე. სამომავლოდ ეს კვერცხის ფასზე გავლენას მოახდენს. სიმინდი რუსეთიდან შემოდის ძირითადად და თუ დაიკეტა ფასიც მოიმატებს. ჯერ გვაქვს მარაგები. გაძვირების საკითხი დამოკიდებულია საკვების მოწოდებაზე. როდის შემოვა და როდის მოგვაწვდიან. დაახლოებით 1-2 თეთრით გაძვირდება ერთი კვერცხის ფასი.“- აცხადებს ოთარ მუჩიაშვილი.